არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თავის უსაფრთხოებას, ისევე როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ხედავს ევროკავშირსა და ნატო-ში. ამით თალაკვაძე ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.

„ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და რასაკვირველია, საქართველო თავის უსაფრთხოებას მომავალში ისევე, როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ხედავს ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ძლიერი საქართველოს მხარდაჭერაში, როდესაც საკითხი ეხება ნატო-ში გაწევრიანებას. დღესაც, საქართველო ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის, არის ყველაზე დიდი შემადგენლობით წარმოდგენილი ავღანეთში, სხვა სამშვიდობო მისიებში და ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მშვიდობასა და თავისუფლებას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა