მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!

ცნობილი გამოთქმა - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეუფე აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთის არის ოკუპანტი.

„კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამდე და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.

აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.

ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.

საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!”- წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო