პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილს - თქვენი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური, მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია

თქვენი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური, მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს ღონისძიებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ქორმაისტერი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო დღეს ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სოფელ აცანაში, საზეიმოდ გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ქორმაისტერის დამსახურებებს შორის მის პედაგოგიურ მოღვაწეობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალების დაარსებასა და იუნესკოში მოღვაწეობას გაუსვა ხაზი.

,,ეს სახელმწიფო ჯილდო ნიშანია იმისა, რომ თქვენ ამ ხალხის ფოლკლორს ემსახურებით და თქვენს მიერ გავლილი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია და ძალიან მნიშვნელოვანია.

რომ არა მრავალხმიანობა, რომ არა ეს სიმღერები, რომლებიც თქვენ აღმოაჩინეთ, შემოუნახეთ მომავალ თაობებსა და გადაარჩინეთ, რომ არა ეს, ჩვენ არ ვიქნებიდით ის, რაც ვართ.

ვერცერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერის, თუ არ მოუსმენია მეგრული ნანასა და გურული კრიმანჭულისთვის, საგალობლებისათვის, რითაც ჩვენ ვლოცულობთ.

ქართველი ერი ის ერია, რომელმაც მოიტანა მრავალხმიანობა და გააცნო მსოფლიოს. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მუდამ მღერის ლხინსა და ჭირში, მღერის როცა შრომობს, მღერის ეკლესიაში და ეს სიმღერა მისი ცხოვრების განუწყვეტელი და განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ამით ვართ ჩვენ ასეთი ძლიერი.

ალბათ, გადავრჩით, რადგან იმის საშუალება გვაქვს, რომ თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდსა და ომში ვიმღეროთ.

ვისაც სვანური ზარი არ მოუსმენია, იმან არ იცის რა არის საქართველო. ეს ჯილდო პირადად თქვენთვის და თქვენი დამსახურებისთვისაა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს.

თავის მხრივ, ანზორ ერქომაიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უდიდესი დაფასებისა და სახელმწიფო ჯილდოსათვის.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ექსპედიციიის შედეგად აღმოჩენილი ცნობილი ლოტბარების, ძმების ხუხუნაიშვილებისა და ჯგუფის ,,შვიდკაცას“ წევრების საფლავები მოინახულა. აღმოჩენილია ხუხუნაიშვილების ანსამბლის 6 წევრის საფლავი.

ექსპედიციას სათავეში ედგნენ: ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია, რომლებიც აცხადებენ, რომ ხუხუნაიშვილების ანსამბლის შემოქმედება ქართულ ფოლკლორში ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და მათ საპატიო ადგილი უჭირავთ ასევე, მსოფლიო ფოლკლორის ისტორიაში.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს