ირაკლი ღარიბაშვილი - ივანიშვილმა თქვენთან ერთად, „ოცნების“ მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ მეომრებთან ერთად შეუძლებელი შეძლო და დაამარცხა „მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა“.

აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა კახეთში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

„მივესალმები ჩვენს მეომრებს „ქართული ოცნებიდან“, მივესალმები ჩვენს სასახელო, გამორჩეულ ადამიანებს, ამ კუთხის ღირსეულ შვილებს. ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ ყოფნა, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით მართლაც გამორჩეულ ადგილას, ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეფის ადგილას. ეს თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ გვახსოვდეს ჩვენი წარსული, რომ დავაფასოთ ჩვენი აწმყო და ერთად ვიზრუნოთ ღირსეული მომავლის შექმნაზე. ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თქვენთან ერთად, „ოცნების“ მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. მე ნამდვილად არ ვაპირებდი ამ თემებზე სასაუბროდ აქ მოსვლას, ვინაიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შენებაზე, მაგრამ თუ ჩვენ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც დადგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია - 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვასა და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. 2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ჩვენი ხალხისთვის მოიტანა უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან. სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ. მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენ შეუძლებელი შევძელით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე ქართველ სამხედროებსა და ომში მათ დამსახურებაზე ისაუბრა.

„თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო - ღირსეული, ძლიერი ხალხი! მინდა გავიხსენო ამ კუთხის გამორჩეული შვილები, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარეთ ჩვენი გამორჩეული გმირების, ჩვენი სამხედროების წინაშე. ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე. კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანას და ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს