აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები კახეთში გაიხსენეს

2008 წლის ომის მე-12 წლისთავზე, სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალები და ჯარისკაცთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსცენტრიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურჯაანში ჩატარდა აგვისტოს ომში დაღუპული ალექსი ნატროშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თავდაცვის სამინისტრის 3 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების 7 გუნდი.

გაიმარჯვა სოფელ კალაურის გუნდმა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში სძლია მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გუნდს და გადაეცა ააიპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ მიერ დაწესებული ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი.

„ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გასულ წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება.

უფროსი ლეიტენანტი ალექსი ნატროშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ შრომაში გაიზარდა. იგი IV ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო. 9 აგვისტოს, გამთენიას, თანამებრძოლებთან ერთად, დაზვერვაზე იყო წასული; უკან დაბრუნებულს, უთქვამს, რომ დიდი ხაფანგები იყო და ბრიგადის მეთაურთან ერთად, უკან დახევაზე შეთანხმებულან. სწორედ ამ დროს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.კახეთის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ალექსი ნატროშვილის გარდა, კიდევ 15 მებრძოლი შეეწირა:

გიორგი ანწუხელიძე - საქართველოს ეროვნული გმირი! ბესიკ მამიაური - რიგითი; 8 აგვისტოს, ერედვში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა; დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;

ზურაბ ბალაშვილი - კაპრალი; 9 აგვისტოს, ნიქოზში, დაბომბვაში მოყვა და კასეტური ბომბის ანასხლეტის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

პოლკოვნიკი დათო ელიზბარაშვილი შილდელი იყო; იგი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთშიც იბრძოდა; შემდეგ სამხედრო სამსახური გააგრძელა - თავდაცვის სამინისტროში საინჟინრო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კადეტთა კორპუსში მოღვაწეობდა, ბოლოს გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო; დათო ელიზბარაშვილი, 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან , რუსული „მი-24“ის შემოტევას ემსხვერპლა. დაჯილდოვებულია მედლებით: „უმწიკვლო სამსახურისთვის“; მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. (სიკვდილის შემდეგ).

სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ალმატიდან იყო. სნაიპერი ზურაბ ტურაშვილი, ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა, მაგრამ მისი მეგობრები ამბობენ, რომ კაზაკ სნაიპერ ქალს მისთვის მაშინ უსვრია და მხარში დაუჭრია, როცა ცხინვალში, სკოლის ეზოში გამოსულან. 4 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა; 2012 წელს, შვილის დნმ-ის დახმარებით იპოვეს. იმ უცნობ ჯარისკაცებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დახმარებით, ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

კაპრალი გიორგი კირაკოზაშვილი სოფელ ჩაილურიდან იყო. ჯარში 15 წელი იმსახურა. მსახურობდა გვარდიაში, სპეცრაზმში, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პირველ ბრიგადაში. ბოლოს – მეოთხე ბრიგადაში, იყო ბატალიონის დაზვერვის უფროსი.

9 აგვისტოს, დილას, ცხინვალში, დაღუპული თანამებრძოლის გადმოსვენების დროს, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“; „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (III ხარისხი) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

რიგითი გოჩა ილურიძე დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედიდან იყო; 18 წლისა წავიდა სამშობლოს დასაცავად; სპეცრაზმში ირიცხებოდა. მისი მეთაური იხსენებს, რომ სამაგალითო ჯარისკაცი იყო; 9 აგვისტოს, ერედვში, რუსების მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;(სიკვდილის შემდეგ)ლეიტენანტი რეზო მამისაშვილი _ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამისჯვრიდან იყო; სამხედრო აკადემიაც დაამთავრა და ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 8 აგვისტოს, ფრონტის წინა ხაზზე, ''დუბოვი როშჩაში'' დაიღუპა; მისი ცხედარი საკმაოდ გვიან, 26 აგვისტოს გადმოასვენეს, 42 გმირის ცხედართან ერთად; ამოცნობა ვერ მოხერხდა, მხოლოდ მოგვიანებით, დეენემის პასუხის წყალობით გახდა ცნობილი, რომ ის მუხათგვერდში განისვენებდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, რეზო მამისაშვილი, მშობლიურ სოფელში, მარიამისჯვარში გადაასვენეს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით;უმცროსი სერჟანტი გელა მებაღიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან გახლდათ. IV ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო.

10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, დაღუპული ჯარისკაცის ბრძოლის ველიდან გამოყვანისას, ნაღმზე აფეთქდა... 2008 წლის ნოემბერში, დეენემის პასუხით დადგინდა, რომ გადმოსვენებულ 11 მებრძოლთა შორის გელა მებაღიშვილიც იყო. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ( სიკვდილის შემდეგ)რიგითი გიორგი აბიათარი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარიძეში იზრდებოდა. დედისერთა ბიჭს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა, 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში წავიდა. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო ბილეთი მალე აეღო და სასაზღვრო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ 8 აგვისტოს, ერედვში, მტრის ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

კაპრალი თეიმურაზ ბერიძე_ დედოფლის წყაროში გაიზარდა; II ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა. თეიმურაზი ერთ-ერთია იმ 17 გმირიდან, რომლებმაც 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში, უთანასწორო ბრძოლაში დაასრულეს სამშობლოსათვის შეწირული სიცოცხლე. დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

გიორგი მარსაგიშვილი _ დედოფლის წყაროდან იყო; იგი განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე ათეულის მეთაურის მოადგილე გახლდათ; გიორგი მარსაგიშვილს შს სამინისტროში მუშაობა სამი თვის დაწყებული ჰქონდა. მისი კვალი ცხინვალში იკარგება... გიორგის ცხედარი აღმოჩენილი ვერ იქნა და მისი გაუჩინარებაც ბურუსითაა მოცული. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

კაპრალი შმაგი ნოზაძე_ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორიდან იყო. ჯარისკაცის ფორმა ბავშვობიდან უყვარდა. IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა; ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა, ერთხელ დაბომბვას გადაურჩა, თუმცა, შემდეგ ისევ შებრუნდა ბრძოლის ველზე, სადაც როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა; მისი ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი...

ექიმი გოგა აბრამიშვილი სიღნაღელი იყო. მისთვის აგვისტოს ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის პირველი ბრძოლა არ იყო. ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, აფხაზეთის ომში რომ წავიდა. 2008 წლიდან, გორის ჰოსპიტალში ტრამვატოლოგად მუშაობდა და არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა.. გოგა აბრამიშვილი, 11 აგვისტოს, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, ნაღმის ანასხლეტმა იმსხვერპლა...

კაპრალი სოსო ღვინიაშვილი გურჯაანელი იყო. IV ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა; სამშობლოს 20 წლის ჯარისკაცი 9 აგვისტოს, „შანხაის“ ტერიტორიაზე, ორმხრივი ცეცხლის დროს დაიღუპა, მაგრამ როგორ, არავინ იცის... სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით”, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა