საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში გაშუქების პროცესს და მიიჩნევენ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას.
მათი შეფასებით, „მთავარ არხზე“ წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
„ხელმომწერი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. ამასთან, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ სარგებლობს მაღალი საჯარო ინტერესით. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ამ უფლების არსს, რომელიც თავისთავში მოიცავს პასუხისმგებლობასაც და ზღვარდადებულია სხვათა უფლებების დაცვის ინტერესით. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, “გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან”. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას, პრესამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლად, ზიანს მიაყენებს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას.
„მნიშვნელოვანია, მედია საშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კავშირი საფარი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; თანასწორობის მოძრაობა; უფლებები საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC); მედიაკლუბი; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).