მარიამ ქვრივიშვილი - მოვუწოდებთ, მესტიაში მყოფ მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში მყოფ მოქალაქეებს, ტურისტებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინო ზონების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება დაიწყო, შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით.

მისივე თქმით, აღნიშნული სასტუმროები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და გავლილი აქვს ინსპექტირება.

"მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება, საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში. მოვუწოდებთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ცხელი ხაზის "144"-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 100-ზე მეტ განთავსების ობიექტთან სტუმრების რაოდენობის დასადგენად. ადმინისტრაციის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტრანსპორტი მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარებას გაუწევენ იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფება სვანეთში. ადგილზე მობილიზებულია ყველა უწყება, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დამსვენებლებმა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს