გიორგი გახარია - ვიყურებით მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავალში, ყოველთვის ასე იყო, ეს არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი

ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ რაც ყველაზე მთავარია სამართლიან ბრძოლაში. ამ სამართლის ფასი დღეს ამ ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე იციან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ისაუბრა შინდისის გმირებზე. გიორგი გახარიას თქმით, ეს ადამიანები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, აქ, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმიდან ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უნდათ წარსული დაგვავიწყონ, ეს წარსული არ უნდა დავივიწყოთ და დღეს, 11 აგვისტოს, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ერთიანობისთვის ყველანაირი ყოყმანის გარეშე ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გასწირეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომლებზეც უნდა მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას”,- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია მოქალაქეებსა და ხვალინდელ დღეზე. მისივე თქმით, ადამიანი და მოქალაქე არის ზრუნვის ძირითადი საგანი და ეს ყოველთვის იყო და არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი.

„ვინც რაც არ უნდა გვითხრას, ჩვენს წარსულს და ტრადიციებს არ დავივიწყებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლისთვის ღია არ ვიქნებით. ჩვენ ვიყურებით მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავალში, ჩვენი თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეებზე და ხვალინდელ დღეზე. ამიტომ ყოველთვის ასე იყო, ეს არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი, ის, რომ ადამიანი არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი, ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯერ პრობლემები ქვეყანაში ბევრია. დაგვემთხვა პანდემია - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები და შემდგომ უკვე ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ასევე გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი. ყველამ ხომ კარგად დავინახეთ, პირველი პრობლემა პანდემიის დროს გახდა ის, ქვეყანა საიდან და როგორ მოგვემარაგებინა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით, ეს იყო პრობლემა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ადგილობრივი წარმოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ოჯახებზე, თავიანთ თავებზე, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, აწარმოონ პროდუქტი, ეს არის ის, რაშიც ჩვენ უნდა მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, შეუძლებელია ქვეყნის წარმატებაზე საუბარი, თითოეული ქართული ოჯახის წარმატების გარეშე, ამიტომ ყველამ ერთად, თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი და საერთო საქმე უნდა აკეთოს.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია დღეს აქ ყვარელში არ ვაღიაროთ ის, რომ მუნიციპალურ დონეზეც ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. ერთხელ და სამუდამოდ ყვარლის 24-საათიანი წყალმომარაგება არის დასასრულებელი და ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გზა არის გასაყვანი, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღია გასარემონტებელი ან ასაშენებელი, მაგრამ ამას ჩვენ ხომ ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ერთად ვაკეთებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წელი გვჭირდება შრომა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ქვეყანამ მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა თავიანთი თავი გამოავლინონ, ქვეყანა გახდეს სრულად ევროპული იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მიზანს მივაღწიოთ და ქვეყნის ერთიანობა აღვადგინოთ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ქვეყნის წარმატებაზე თუ არ ვსაუბროთ ამავდროულად თითოეული ქართული ოჯახის წარმატებაზე. ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და უნდა გავაკეთოთ საერთო საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, ჩვენ გვყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი რეგიონისთვის, ყველა შეხვედრაზე ვთქვი და აქაც გავიმეორებ. ირაკლიმ ზედმიწევნით ზუსტად იცის კახეთის პრობლემები, ამიტომ ამ ადამიანს მომზადება არ დასჭირდება, როგორც კი გავიმარჯვებთ და ავირჩევთ, ის მეორე დღიდან ვალდებული იქნება დაიწყოს ზრუნვა კახეთის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ცოტა სხვა არის, როცა შენ ხარ გუბერნატორი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ახლა კი მან კახეთის ხმა უნდა წარმოადგინოს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ ირაკლი ამას თავს გაართმევს ღირსეულად და ყვარლის მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის ხმა იქნება ხმამაღალი, ეფექტური და გასაგონი საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტიდან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო