ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწროპოლიტიკური ინტერსებისთვის. ერთი მხრივ, ეს საქციელი ამორალურია და მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, რომ მოსახლეობა შცდომაში შეიყვანონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შეფასებისას განაცხადა. სესიაშვილის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები თავისი პროფესიონალიზმით დაკავებულები არიან საქმის გამოძიებით.
„ცხადია, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, რომ დანაშაულებზე გვქონდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება, მითუმეტეს, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილთან გვაქვს საქმე. ცხადია, აქაც სახელმწიფოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გასაგებია, რომ მათ აქვთ ყველა ის საშუალება, რომ არა ვარაუდებსა და ჭორებზე, არა მედიით განხილულ საკითხებზე, არამედ ფაქტებზე, ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, დაკითხვის შედეგების მიხედვით, გამოიტანონ დასკვნები და შემდგომ ბრალი წარადგინონ სასამართლოში. მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება შედგება და ყველა ის პირი დაისჯება, ვისაც ბრალი მიუძღვის. ეს, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.