ლევან დავითაშვილის განცხადებით, სვანეთში მოსახლეობის სურსათით  მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის სვანეთში მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, რეგიონში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება და მუნიციპალიტეტში დისტრიბუცია შეუფერხებლად მუშაობს.

„როგორც მოგეხსენებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია, როგორც წესი, საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მომარაგების საკითხებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც წესდება გადაადგილებისა და მობილობის გარკვეული შეზღუდვები, სამინისტრო არის მობილიზებული, რომ მოსახლეობას სურსათით, ასევე პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნას. ასეთი გამოცდილება ჩვენ დაგვიგროვდა უკვე ყველა იმ მიმართულებით, სადაც ჩვენ მკაცრი საკარანტინო ზონები გვქონდა დაწესებული და ზომები გვქონდა შემოღებული. თუმცა, გარკვეული სპეციფიკა, რა თქმა უნდა, აქვს სვანეთს. ჩვენ ვიცით, რომ ტერიტორიულად ეს არის საკმაოდ დიდი მოსახლეობა, არ არის მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ გვაქვს საკმაოდ ბევრი სოფელი, რომელიც რეგიონული ცენტრიდან მოშორებულია, ამიტომ საჭიროებს ეს განსაკუთრებულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, საჭიროა მაღალი დონის კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახური არის მობილიზებული, რეგიონში იმყოფება ჩემი მოადგილე, რომელიც უწევს მუშა პროცესს კოორდინაციას. ამ დილის მონაცემებით, უკვე დაძრულია რამდენიმე დისტრიბუტორის მსხვილი სატვირთო მანქანა სხვადასხვა საკვები პროდუქტით რეგიონში შესასვლელად ქუთაისიდან, ასევე სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა რეგიონის სურსათით მომარაგების კუთხით, მუშაობს სტანდარტულ რეჟიმში. ამ შემთხვევაში დისტრიბუტორებს გადაადგილების პრობლემა რეგიონში შესვლისას არ აქვთ, თუმცა ჩვენი თანამშრომლები აღრიცხავენ თითოეულ შესულ მანქანას. ჩვენ გვესმის, რომ იქიდან გამოსვლა არ შეიძლება როგორც მცხოვრებლებისთვის, ისე საქმიანი მიზნით, ამიტომ შესული მანქანები კონტროლდება, მათ აქვთ კონკრეტული დანიშნულების ადგილები, შემდგომში კონტროლდება მათ მიერ რეგიონის დატოვების საკითხიც, ფიქსირდება დრო და ა.შ.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, როგორც წესი, საკარანტინო შეზღუდვები ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზების კუთხით პრობლემებს იწვევდა, თუმცა, სვანეთში ამ მიმართლებით მაღალი აქტივობა არ შეინიშნება.

„ჩვენ გვესმის, რომ ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ძალიან დიდი აქტივობა იყო, სვანეთში არ არის ასეთი აქტივობა, თუმცა იქ იწარმოება და დღეს ამ მომენტისთვის გვაქვს საკმაოდ ინტენსიური სეზონი მერქნული რესურსის დამზადების, შესაბამისად, მოხდა ამ პროცესის ორგანიზება. აქაც არის გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის რეგიონში, ახდენს მერქნული რესურსის დატვირთვას და რეგიონიდან უპრობლემოდ, შეუფერხებლად გამოტანას. ასევე, ყველა ოპერატორი, რომელიც არის ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრაქტორი, აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა, წარიმართოს შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო