ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმ მასალებში რაც გამოყოფილ საქმეშია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა მიეღო, - ამის შესახებ არასრულწლოვანი ა.ქ.-ს ადვოკატმა მილერი ხარებავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ახალი მასალების გადაცემის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მან გაუთქმელობას ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ და გამოყოფილ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.
„გადმოგვცეს საქმის ახალი მასალები, უნდა წავიდეთ ოფისში და იქ ვნახოთ რა ტიპის მასალებია. გამოყოფილ საქმეზე რა მასალები დაემატა ნამდვილად ვერ გეტყვით. მოვაწერე ხელი გაუთქმელობაზე, საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ და რადგან გამოყოფილ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, საქმის მასალების გავრცელებას მოვერიდოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმ მასალებში რაც გამოყოფილ საქმეშია, მტკიცებულება, რომ მას ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა მიეღო არ არსებობს,” - აღნიშნა მილერი ხარებავამ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით ,,ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან ხუთს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს დაუმძიმდა.