აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - საქართველო რეგიონის ლიდერია, მოველით, რომ ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას

საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა.

სტივენ ბიგანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება.

საგარეო უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქვეყანაში დემოკარტიის შემდგომი განმტკიცებისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამისათვის პოლიტიკური ნებისა და ქართველი ხალხის მზაობის არსებობის მნიშვნელობა აღნიშნა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორადაა აღიარებილი, პანდემია კი არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ რა ზემოქმედებას ახდენს საქართველოსთან ამერიკის პარტნიორობა ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრებაზე.

„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად, საქართველომ ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის ინსტიტუტების შექმნა“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა.

როგორც ის აცხადებს, საამაყოა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დღეს სწორედ ამერიკული დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ცენტრი დგას და აღნიშნავს, რომ გასაკვირი არც ისაა, რომ რუსული დეზინფორმაციის სამიზნე სწორედ ლუგარის ცენტრია - „როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სასარგებლოდ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევნის ხელშესახები შედეგი“.

აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის მოადგილის განცხადებით, აშშ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაშიც დაეხმარება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება“, - განაცხადა სტივენ ბიგანმა.

მისი თქმით, ამერიკის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თავად აკონტროლებდნენ თავიანთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის შეუქცევადობაზეც გაამახვილა.

მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირი და ნატო უჭერს მხარს.

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოველისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“, - აღნიშნა სტივენ ბიგანმა.

„მე მსურს ვიყო იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება“, - განაცხადა ბიგანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა