გია ვოლსკი გიორგი კანდელაკის განცხადებაზე - ისეთივე ფანტაზიაა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა, ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლაზე

დიდუბე - ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკი უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას უსუსურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფანტაზიაა, თითქოს ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდებიან.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „ეს ისეთივე ფანტაზიაა, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ღრუბელ-ღრუბელ ფრენის ან მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“.

„დაბრუნებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომელსაც მიხედა საკუთარმა ქვეყანამ, ჩამოიყვანა, დააბინავა და აარიდა იმ უბედურებას, რასაც დაავადება ჰქვია, სწორედ რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს. თუმცა, ეს არავისთვის გვითქვამს და წინაპირობად არავისთვის შეგვითავაზებია. დღეს უსაფრთხო ქვეყნები სამწუხაროდ, არ არსებობენ. ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც ხელისუფლებას, ვინაიდან, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. მთელი რესურსები გადართულია სოციალურ პროგრამებზე და პაკეტებზე, რაც რასაკვირველია, ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. ჩვენი ერთადერთი მიზანია, გადავარჩინოთ საზოგადოება დაავადებას და სიკვდილიანობას, ეს არის მთავარი ამოცანა.

ის უსუსური განცხადება, რომ თითქოს ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა, თითქოს მასიური ავიარეისები ჩამოვა საქართველოში და უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, ეს ისეთივე ფანტაზიაა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე ღრუბელ-ღრუბელ ფრენის ან მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციებია და განწყობებია. დაშორდა ორი ფრთა ერთმანეთს, ეს პოლიტიკური ძალა გაიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს