აშშ-ის დახმარებით, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას მოუტანს.

„უზარმაზარი მიღწევა! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდებულ მეგობარს - ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პოსტში.

დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

შეთანხმების თანახმად, ისრაელი თანახმაა, შეაჩეროს თავისი სუვერენიტეტის გაფართოება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად განიხილავდა.

თეთრ სახლში ამ მოვლენაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ორ ლიდერს შორის დისკუსიები ზოგჯერ დაძაბული იყო. მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია, ისრაელისა და ემირატების დელეგაციების მონაწილეობით, თეთრ სახლში მომდევნო კვირებში გაიმართება.

„რამდენიმე წუთის წინ მე განსაკუთრებული ზარი მქონდა ორ მეგობართან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედთან, სადაც ისინი შეთანხმდნენ ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებაზე. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. 49 წლის შემდეგ, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოახდენენ დიპლომატიური ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. მათ ექნებათ საელჩოები, ეყოლებათ ელჩები და თანამშრომლობას დაიწყებენ სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, ისრაელის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ტვიტერზე“ აღნიშნა, რომ ეს არის“ ისტორიული დღე ისრაელის სახელმწიფოსთვის“.

აბუ დაბის ტახტის მემკვიდრემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების დე ფაქტო მმართველმა, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედმა აღნიშნა, რომ შეთანხმება შედგა და ეს შეაჩერებს ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიების შემდგომ ანექსიას.

„პრეზიდენტ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან საუბრისას შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, რომ ისრაელი შეწყვეტს პალესტინის ტერიტორიების შემდგომ ანექსიას. ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ასევე შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ორმხრივ ურთიერთობების დამყარების გზაზე“, - აღნიშნა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედმა. შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „წინ გადადგმული უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი უწოდა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს