კახა კალაძე - ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის დაფიქსირება დანაშაულის ტოლფასი აღარ არის

ჩვენმა გუნდმა, ქართველი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააფორმა , - ამის შესახებ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ გურჯაანში, დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ადამიანის უფლებები კარდინალურად გაუმჯობესდა, თავისუფალი და კრიტიკული აზრის დაფიქსირება დანაშაულის ტოლფასი აღარ არის.

“„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა. ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ. ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მე აქ ძალიან ბევრ ნაცნობ ადამიანს ვხედავ და ჩვენ ყველას გვახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, გურჯაანის ფაქტობრივად ყველა სოფელი ფეხით შემოვიარეთ და გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო სწორედ ამ მიმართულებით: ჯანდაცვის სფერო, რომელიც გაუბედურებული იყო და განათლება - ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შვილებისთვის, პატარებისთვის ელემენტარულად სახელმძღვანელო ეყიდათ. რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანის უფლებები კარდინალურად გაუმჯობესდა, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის დაფიქსირება დანაშაულის ტოლფასი აღარ არის და ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენება.

აქაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ.

ჩვენ თითოეული მოქალაქისთვის შევქმენით პირობები, რათა საკუთარი ბიზნესი წამოეწყოთ და ამისთვის არა მხოლოდ ჯანსაღი ბიზნეს გარემო შევქმენით, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით გლეხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გვერდში დავუდექით და მათი ინიციატივების ნაწილის დაფინანსება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინერგა უამრავი პროგრამა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ახალი საქმე წამოიწყოს, საკუთარი ნაშრომი დააზღვიოს და მისი რეალიზაცია პრობლემების გარეშე, სახელმწიფოს გვერდში დგომით შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ტრადიციული ბაზრების გარდა, ქართველი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააფორმა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ტრადიციული სახეობების გარდა, მიმდინარეობს დივერსიფიკაცია და ახალი სახეობების გაშენებაც, რაც ჩვენს მეწარმეებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს, ხოლო ქართულ ეკონომიკას უფრო ძლიერსა და მრავალფეროვანს გახდის.

ბუნებრივია, როგორც მთლიანად საქართველოში, გურჯაანშიც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რეფორმა, პროგრამა განხორციელდა, ბევრი დაფინასებაც იყო, მაგრამ არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთად ყოფნით ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ და ყველა პრობლემას ღირსეულად გადავლახავთ. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. მე დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა”,-განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით