პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები ბელარუსში შესრულებულ ავიარეისთან დაკავშირებით არაკომპეტენტური და მავნებლურია.
„ერთ - ერთმა რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩაფრინდა მინსკში, რამაც საფუძველი დაუდო ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, რომ რაღაც საიდუმლო რეისი შესრულდა. არაკომპეტენტურობასთან ერთად, ეს მავნებლობაც არის, ვინაიდან, არასწორი ინფორმაციაა. ჩვენი ელჩი, რომელიც არჩევნებამდე იყო საქართველოში, კვლავ წავიდა და სრულ ინფორმაციას ადგილიდან მოგვაწვდის. იქ მდგომარეობა გამწვავებულია და ახლა არის ელჩი ადგილზე. განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესები მიმდინარეობს, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაც არის, რადგან იცით ბელარუსის პოზიცია საკმაოდ რთულ საკითხებზე, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს.
ქართული მხარე ინფორმაციის ნაკლებობას კი არ განიცდიდა, ელჩი გინდა იქ ყოფილიყო და გინდ აქ ყოფილიყო, ჩვენ პარტნიორებისგან გვაქვს საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი ინფორმაცია და ამასთან, არიან იქ ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც საკმაოდ კომპეტენტურები არიან, თუმცა, ელჩის ჩასვლა ამ ვითარებაში, განსაკუთრებით დღეს, აუცილებელია"- განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებების გაკეთებას, ისე როგორც ამას სხვა დემოკრატიული ქვეყნები აკეთებენ, ვოლსკი პასუხობს, რომ „საქართველო ყოველთვის მოქმედებდა პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე“.
„თქვენ იცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფებოდა ბელარუსი, როცა რუსეთიდან ჰქონდა ინტენსიური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით, ეს თემა ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. მეორე საკითხია, რომ ჩვენ ბელარუსთან ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის სტანდარტი, დემოკრატიული არჩევნები იქნება ეს თუ არჩევნების შემდგომ პერიოდი, ბელარუსის მიერ იქნას გათვალისწინებული. ჩვენს ინტერესში შედის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბელარუსმა თავის პოზიცია არ შეცვალოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა 16 აგვისტოს მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
იხილეთ ვიდეო:მინსკის რეისზე ოპოზიციის განცხადებები არაკომპეტენტური და მავნებლურია - გია ვოლსკი