ბელარუსის არმიამ გროდნოს დასავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნები დაიწყო და იქ დამატებითი ჯარების განლაგებას აპირებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლიეტუვა და პოლონეთი, რომლებიც გროდნოს რეგიონს ესაზღვრებიან, აცხადებენ, რომ ბელარუსის საზღვართან სიტუაციას აკონტროლებენ.
„ვხედავთ ბელარუსის მცდელობას, გაამწვავოს ნერატივი ე.წ. საგარეო საფრთხეების შესახებ,“- განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრა რაიმუნდას კარობლისმა.
მიმდინარე წვრთნებზე კომენტარი გააკეთა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აკვირდებიან იმას, რაც მათ საზღვრებთან ხდება და ამ დაკვირვების დროს ისინი პასიურები არ იქნებიან.
შეგახსენებთ, წვრთნების დაწყებამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ნატო ბელარუსის ტერიტორიასთან ახლოს სამხედრო ძალების მობილიზებაში დაადანაშაულა, თუმცა ალიანსმა ეს ბრალდება უარყო.