თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

„ძალიან საინტერესო ტურნირი იწყება. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, პოპულარიზაცია, ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობა. ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ადამიანზე იყოს ადაპტირებული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერების რეაბილიტაცია თუ სხვა. შარშან განვახორციელეთ საპილოტე პროექტი - MASTER LEAGUE, ფეხბურთი 7x7-ზე, რომელშიც ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელი წელი თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, განსხვავებული იქნება. პროექტში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად, მერწმუნეთ, ეს ყველგან და ყველაფერში გამოგადგებათ. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. ტურნირის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოს თბილისში აიღებს სტარტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი - 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. პროექტი, რომლის პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას. მათ შორის, თბილისში მონაწილე გუნდების რაოდენობაა - 44 (აქედან 20 გუნდი ითამაშებს თბილისის MASTER LEAGUE-ში და 24 გუნდი თბილისის CHALLENGE LEAGUE-ში).

დედაქალაქში რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 050-ს შეადგენს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეთა რაოდენობა 12 000-ს აჭარბებს.

პროექტის პრეზენტაციას მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები და ქართველი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს