რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ ხელისუფლებას სოციალური დახმარებების ხერხი ამომრჩევლის მოსყიდვისთვის დასჭირდეს, რადგან გამოკითხვებით, ისედაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მთავრობის მიერ გაჟღერებულ, მოსახლეობის მხარდაჭერის ახალ პროგრამებს წინაასარჩევნო პროცესების გააქტიურებას და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის მცდელობას არ უკავშირებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სხვადასხვა გამოკითხვით მმართველი გუნდის რეიტინგი მაღალია და მას ეს მეთოდი არ დასჭირდებოდა.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა, ეს დახმარება წინასაარჩევნო პერიოდში იქნებოდა, მანამდე თუ არჩევნების შემდეგ.

„ეს ინიციატივები რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ოპოზიციური პარტიებისგან კრიტიკას გავიგებდით იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო პანდემიის შემდეგ ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას არ ეხმარება. დახმარებები გაჩნდა და ეს წინასაარჩევნო მოსყიდვა არისო. პრინციპში, ასეთი პოზიცია გასაგებია და ბევრ ქვეყანაში ანალოგიური მდგომარეობაა, მათ შორის აშშ-ში. სადაც დახმარება ჩნდება, წინასაარჩევნო კამპანიას აბრალებენ და სადაც არ არის, მკაცრი კრიტიკაა. ეს ოპოზიციის მხრიდან ბუნებრივი მდგომარეობაა, სადაც შეძლებს, უნდა აკრიტიკოს. დანარჩენი უკვე მოსახლეობის გადასაწყვეტია. მეეჭვება, რომ ხელისუფლებას ეს ხერხი მოსყიდვისთვის დასჭირდეს, რადგან ყველა გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგი ისედაც მაღალი ჰქონდა. ეს ნაბიჯი არცთუ ისე უმტკივნეულოა. მოგეხსენებათ, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მოსყიდვაა, მერე აღნიშნულ საკითხს საერთაშორსო ორგანიზაციების წინაშე დააყენებს, შემდეგ ისინი დაფიქრდებიან, მოსყიდვა იყო თუ არა და თუ ხელსაყრელი იქნება, შესაძლოა მათაც თქვან, რომ ეს მოსყიდვაა. ასე რომ, ამ ნაბიჯის გადადგმა სარისკო ნამდვილად არის, მაგრამ ამ რისკზე წასვლის აუცილებლობა არ იდგა და არ დგას „ქართული ოცნების“ წინაშე. ამიტომ, მეეჭვება, რომ მოსყიდვის მოტივით იყოს ეს ნაბიჯი განპირობებული.

უამრავი არაკი, ლეგენდა თუ ანდაზაა, თუნდაც ქართულში - „ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებიო“, ისეთი მდგომარეობაა, სადაც კრიტიკოსი ყოველთვის მოიძებნება. მიზეზი იქნებოდა მაშინაც, თუ დახმარება არ იქნებოდა და ახლა, როცა დაეხმარა, მოიძებნება კრიტიკა იმის თაობაზე, არჩევნების წინ რატომ ეხმარებაო. ამიტომ, სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს, სხვა დანარჩენი შემდეგ გამოჩნდბა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, შესაძლოა, პანდემიის ფონზე ხელისუფლებამ სხვადასხვა პრობლემის დროულად გადაჭრა ვერ შეძლო და მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამაც დროში გაჭიანურდა.

„მოსახლეობის მხარდაჭერის ნებისმიერ პროგრამას დადებითად ვაფასებ. ადრე რომ ყოფილიყო მყისიერი მხარდაჭერა, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ისიც მიკვირს, რაც მოახერხეს, ფაქტობრივად უფასო მკურნალობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ გამოვრიცხავ, მთელი რიგი პრობლემები იყო, რომლის გადაუჭრელობის გამო, ეს საკითხები დღევანდელ დღემდე მოვიდა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა