ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ თეა წულუკიანს, ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე, 10 კითხვით მიმართეს

იუსტიციის სამინისტროსთან „ლელოს" წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ მინისტრს თეა წულუკიანს, ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე, 10 კითხვით მიმართეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოებისთვის აღნიშნული საგამოძიებო პროცესი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდება.

„ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს 10 კითხვით. ეს კითხვები საზოგადოებას პირველად მისცემს საშუალებას საქართველოში, რომ ეს პროცესი გახდეს მათ წინაშე ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე. მოვითხოვთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიც არის როდის და რამდენჯერ მოხდა, საპარლამენტო ფორმატში, სამთავრობო ფორმატში და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სხვა ფორმატში, ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობა?! რამდენი ადამიანი არის დღეს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო თუ მოწვეული ექსპერტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩართული იმაში, რომ სახელმწიფო ინტერესი სწორად და კვალიფიციურად იყოს დაცული გამოძიების პროცესში?! რამდენად არის საქართველოს ხელისუფლება ჩართული სასამართლოს მიმდინარე რეფორმის პროცესში, იმიტომ რომ ეს რეფორმაც მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე შედეგს?! რამდენად არის საქართველო ჩართული და იცავს სახელმწიფო ინტერესებს ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში?! აქვს თუ არა რაიმე თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებთან?! და სხვა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, იმას თუ რა შედეგი დადგება ჰააგის გამოძიების შედეგად - გრძელვადიანი გავლენა ექნება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

„2015 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ, სავარაუდო, საერთაშორისო დანაშაულებებთან მიმართებაში. ამ პროცესის ფარგლებში რა თქმა უნდა, სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არის მხარე, მაგრამ როგორ წარიმართება და რა შედეგი დადგება ჰააგის გამოძიების შედეგად ამას ექნება პირდაპირი და ძალიან გრძელვადიანი გავლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ნდობის აღდგენის პროცესზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროცესი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, როდესაც ეს საკითხი აქტიურდება, მაშინვე მოქმედ თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალურ კინკლაობაში გადაჰყავთ.

„ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება არ გრძნობს თავს ვალდებულად, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თუ რამდენად კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად იცავს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ინტერესებს ამ გამოძიების ფარგლებში. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ეს საკითხი გააქტიურდება საზოგადოებაში თუ მედიაში და უსწრაფესად იუსტიციის მინისტრს, ყოფილ პრეზიდენტს, მოქმედ თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს საკითხი გადაჰყავთ პერსონალურ კინკლაობაში. ჩვენთვის ეს არა არის საინტერესო, ჩვენთვის საინტერესოა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესი იყოს დაცული“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10 დღის ვადაში ისინი იუსტიციის მინისტრისგან კითხვებზე პასუხს დაელოდებიან და პასუხის არ გაცემაც მათთვის პასუხი იქნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს