ზურაბ ბატიაშვილი - მოსკოვში ბელარუსის სცენარის რუსეთში გამეორების საფრთხე დაინახეს და შესაძლოა, ალექსეი ნავალნის შემთხვევა ამას უკავშირდებოდეს

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვში ბელარუსის სცენარის რუსეთში გამეორების საფრთხე დაინახეს და შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

როგორც ბატიაშვილი ამბობს, ის, რომ ნავალნი მოწამლეს, დამტკიცებული არ არის, თუმცა, ყველა ხვდება, რომ კვალი რუსეთის ხელისუფლებასთან მიდის. ამის მიუხედავად, ბატიაშვილი რუსეთში ვითარების შეცვლას არ ვარაუდობს.

„ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია, რომ ასეთი რეჟიმები ვერ გრძნობენ თავს კარგად მაშინ, როცა დგება საკითხი ხალხის მიერ გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე და ასეთი საფრთხე დაინახეს რუსეთში, ასეთი მოვლენები მოხდა ბელარუსში, მანამდე მსგავსი სიტუაცია იყო საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში. რუსეთში ეს ახალი თემა არ არის და არც პირველი შემთხვევაა მოწამვლის, სერიაა მოწამვლების. თუმცა, რუსეთის საზოგადოება ითმენს, ის უფრო მეტად მომთმენია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროპული ნაწილის მოსახლეობა. რუსეთის მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ამტანია მსგავსი საკითხების მიმართ. ამ შემთხვევაში ერთადერთი, რასაც რეალურად ითვალისწინებს ხოლმე რუსეთი, ესაა რეალური საფრთხე სანქციების, თუმცა უახლოეს ხანში არ მგონია, რომ ამას რაიმე მოჰყვეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინასთან მიმართებაში ძალიან ხშირად ისმის ხოლმე, რომ „დროა სანქციებს ბოლო მოვუღოთ“, რადგან ყველას სურს რუსეთის ბაზარზე შესვლა და იქ ვაჭრობა, ამ შემთხვევაში ეს ინტერესები წინა პლანზე იწევს ხოლმე. კარგი ის არის, რომ ეს პრეცედენტი არსებობს უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების თაობაზე და ამ სანქციებს მომხრეები ჰყავს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ, რომ რუსული ექსპანსიის საფრთხე შეიძლება მათაც დაემუქროს, რადგან თუ უკრაინა და ბელარუსი ჩაყლაპა რუსეთმა, უკვე მათი ჯერი დგება,“- აცხადებს ბატიაშვილი.

ბატიაშვილი ყოფილ საბჭოთა სივრცეზე საუბრისას საქართველოში მოსახლეობის აღქმებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ტოტალიტარიზმისგან საბოლოოდ გათავისუფლება საზოგადოების ნაწილმა ვერც საქართველოში მოახერხა.

„ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ამ შემთხვევაში ბელარუსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გავამახვილო ყურადღება. სამწუხაროდ, გამოჩნდა რომ ლუკაშენკოს საქართველოში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ბელარუსში. ეს საკმაოდ ყურადსაღები საკითხია, რადგან როგორც ჩანს, ტოტალიტარიზმისგან საბოლოოდ მაინც ვერ გათავისუფლდა ყოფილი საბჭოთა სივრცე, ამ შემთხვევაში მასში ხედავენ ტოტალიტარულ ლიდერს, რომლის მიმართ ლტლოვა აქვს ჩვენი საზოგადოების ნაწილს,“- აღნიშნა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთს, ბატიაშვილის თქმით, ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ ნავალნისთან დაკავშირებით რუსეთი რაიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ხვდება - კვალი რუსეთის ხელისუფლებასთან მიდის, ამას მაინც დამტკიცება სჭირდება, რაც, როგორც ბატიაშვილი ამბობს, საკმაოდ გაჭირდება.

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს