არჩილ თალაკვაძე - ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს  ქვეყანაში

სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის საფუძველი. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში - საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ატარებს სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით - გვსურს, რომ ეს ყველამ ნახოს და შეაფასოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარდაბანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეფექტურად ახერხებს ვირუსის შეკავებას და ეს შესაძლებელი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერამ, მოთმინებამ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ გახადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" მომავალზე ორიენტირებული პარტიაა და ჰყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერით, შეუძლია, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა.

„არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", არის ძალიან მკაფიო. „ქართულმა ოცნებამ" ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ქვეყანაში. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. „ქართულმა ოცნებამ", ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო, პრაგმატული, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც დღეს ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში. ჩვენი შექმნილი პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის უსაფრთხო ჩამოსაყვანად. მისი თქმით, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ინტერესია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს ატარებს.

„2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ საქართველომ ამ წლებში გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, შექნა უფრო სწორი თამაშის წესები, შექმნა უფრო გამჭვირვალე სისტემა, უფრო სამართლიანი სისტემა და სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაურ დარგალმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ღირსეული არჩევანია. მისივე თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო გუნდი, რათა მოსახლეობასთან თანამშრომლობა შეუფერხებელი, ეფექტური და შედეგიანი იყოს.

„მან იცის, რა სჭირდება მარნეულს, მან იცის, რა სჭირდება გარდაბანს და მას ძალიან უყვარს, ის არის უზომოდ თავდადებული ადამიანი თავისი კუთხის და თავისი საზოგადოების. სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო გუნდში, რომ თქვენი ხმა, თქვენთან საუბარი, თქვენთან თანამშრომლობა იყოს შეუფერხებელი და იყოს ეფექტური და შედეგიანი. მინდა, გავიხსენო 2010-2012 წლები, როდესაც ზაური მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. ამ პროგრამას ჩვენ ვახორციელებდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით. მაშინ, როდესაც დემოკრატიაზე იყო უპრეცედენტო წნეხი, ადამიანებს არ ჰქონდათ კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება, მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული, ან კონტროლირებული და დაბლოკილი, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, ელემენტარულად, ოფისების ქირაობის საშუალებასაც არ აძლევდა ხელისუფლება. როდესაც ეს პრობლემები არსებობდა ქვეყანაში, ზაურ დარგალი მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში და ჩვენ ერთად შევქმენით ქვეყანაში ცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის, მედიისთვის, ახალგაზრდებისთვის გახსნილი იყო სივრცე. შეიძლებოდა დისკუსია, შეიძლებოდა პოლიტიკური შეხვედრები, მედიასთან ურთიერთობა და სხვა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ და ვინაიდან, იმ პროგრამაში ზაური იყო 20 საუკეთესო თანამშრომელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო კადრი და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი თქვენთვის, ვფიქრობ, რომ თქვენი საუკეთესო არჩევანი სწორედ ზაურ დარგალი იქნება და ის საუკეთესოდ შეძლებს, რომ ამ მხარის და თქვენი კუთხის ინტერესები წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს