თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, როგორც კი კლინიკაში ოფიციალურად მივა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების დასტური გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 300 ათასი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, კლინიკა პაციენტების მიღებას განაახლებს.
„გუშინ ფინანსთა სამინისტროში დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა ჩატარდა, გადაწყვეტილება მიღებულია. როდესაც ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ჩვენც, ალბათ, განვაახლებთ პაციენტების მიღებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან დროებით გავიდა, რა გადაწყვეტილებითაც ჯანდაცვის სამინისტრო უკმაყოფილოა. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სამინისტროს წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა, რის გამოც ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ ინფექციური საავადმყოფო კანონის მიხედვით დაჯარიმდეს.