ომბუდსმენი - ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ბავშვები ძალადობის პირისპირ მარტო არიან. ამ განცხადებით ლომჯარია არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მამის დაკავებას ეხმაურება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ყველა იმ პირს, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე და არ დაიცვა, პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ჩვენ ქვეყანაში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან: მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით; არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს; სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა; ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას; არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა; არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება; და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში”,- აცხადებს ლომჯარია.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამა დააკავეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის