თუ ფრენა არ იქნება, ევროპელი დამკვირვებელი ფეხით და ავტომობილით ვერ ჩამოვა. ფაქტია, ფრენების აღდგენა აუცილებელია ამ პროცესისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფრენების აკრძალვა, სწორედ ამ საკითხთან არის დაკავშირებული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ცოტა დამკვირვებელი ჰყავდეს.
„ყველა არჩევნების დროს ჯერ ჩამოდიან გრძელვადიანი დამკვირვებლები და ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა გრძელვადიანი დამკვირვებლები ან უკვე ჩამოსულები უნდა იყვნენ ან ამ დღეებში უნდა ჩამოდიოდნენ, თუმცა არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ გააჩნია. ეს არის ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც რა თქმა უნდა, აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ რაც შეიძლება ცოტა დამკვირვებელი იყოს საპარლამენტო არჩევნებზე, იმ მოლოდინებიდან გამომდინარე, რაც მათ გააჩნიათ. ის, რომ საქართველო ჩაკეტილია, ფრენები ჩაკეტილია, მნიშვნელოვანწილად ამასთანაც არის დაკავშრებული, რომ რაც შეიძლება ცოტა დამკვირვებელი ჩამოვიდეს. თუ ეს ასე არ არის, „ქართული ოცნება“ და ოფიციალური პირები უკვე უნდა ასაჯაროებდნენ იმ მოწვევებს, რომელიც მათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნეს, რასაც ისინი არ აკეთებენ და არ აკეთებენ სრულიად შეგნებულად,“- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.