ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება

ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება. გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო მომენტში დააყენოს თავისი კანდიდატები საარჩევნო ოლქებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული განსხვავებული ინტერესები, მათში დაპირისპირებას იწვევს.

„მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი თავიდანვე ოპოზიციის ერთიანობას. ზოგადად, ვერც ვხედავდი, რომ ოპოზიცია ერთიანი იყო. ხმების დაცვასთან დაკავშირებით მემორანდუმის ხელმოწერა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებები და სისტემის შეცვლის მოთხოვნა, ოპოზიციური ერთიანობა არ არის. ეს ის თემებია, რომელიც ყველა პარტიას აინტერესებს. სხვა თემაა, როდესაც ოპოზიციური ერთიანობა იქმნება, იმისთვის, რომ ერთობლივად მოვიდეს ხელისუფლებაში. ასეთი ერთიანობა ოპოზიციაში არასდროს ყოფილა. არის განცხადებები, რაც განცხადებად რჩება.

იყო მონახაზი თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე, რაც არ შესრულდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ისანში დააყენებს თავის კანდიდატს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო განცხადება, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ დაუყენებენ კანდიდატურას მაჟორიტარულ ოლქში. ამასთან, გიორგი ვაშაძე დამოუკიდებელი მოთამაშეა და ბუნებრივია, შეეცდება თაკო ჩარკვიანს, რომელმაც საბურთალოზე წამოაყენა თავისი კანდიდატურა, დაუჭიროს მხარი და შესაბამისად, გააკრიტიკოს დანარჩენები. ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება. გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო მომენტში დააყენოს თავისი კანდიდატები.

ოპოზიციის ერთიანობაზე მაშინ იქნებოდა შეთანხმება, თუ ისინი ჩრდილოვან კაბინეტზე ჩამოყალიბდებოდნენ.

ასევე „ევროპული საქართველო“ თვლის, რომ მხარს არ დაუჭერს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერად, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ მანდატების უმრავლეობას ისინი იღებენ და მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატად. მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება, განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზია ოპოზიციაში.

ოპოზიცია თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს. მიდის თამაში არა იმაზე, რომ დღეს მოუგონ „ქართულ ოცენებას“, არამედ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიზიდონ თავისკენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, „ევროპულ საქართველოს“ ის ამომრჩეველი, რომელიც თავის დროზე, „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ იყო, წაართვას და უკან დაიბრუნოს.

გიორგი ვაშაძე კი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც დანარჩენები. ვაშაძე ცდილობს შექმნას დამოუკიდებელი პარტია, მისი ამოცანა არჩევნებზე მართლა ის კი არ არის, რომ პრემიერი გახდეს, მშვენივრად იცის, რომ ვაშაძე და მისი პარტია იმდენ მანდატს ვერ მოიპოვებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს პრემიერობაზე. თუ გიორგი ვაშაძე შეძლებს, მესამე ძალა იყოს ამ არჩევნებზე, ეს მისთვის იქნება მნიშვნელოვანი წარმატება - ამაზე თამაშობს. ვაშაძეს უნდა, თუ არ უნდა, მოუწევს არა მარტო „ქართულ ოცნებასთან“, არამედ დანარჩენებთან დაპირისპირება. ვაშაძესაც დაუპირისპირდებიან დანარჩენები, ბუნებრივია,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს