ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულში სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტროდან აცნობეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, „მზა ჩითილი“ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში „ახალ სიტყვას იტყვის“

„აშშ-ის მხარდაჭერით და USAID-თან თანამშრომლობით, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

აღნიშნული მეურნეობის გახსნაც ამის ნათელი მაგალითია. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ტექნიკური დახმარება, ცოდნის შემოტანა და გაზიარება. ვფიქრობ, მეურნეობა „მზა ჩითილი“ ახალ სიტყვას იტყვის ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საქართველოში ბოსტნეული კულტურების მაღალხარისხიანი ჰიბრიდული ჩითილის წარმოება, ასევე კენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის უკვე დაპატენტებული სახეობების შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. სამინისტროს, USAID-ის, „საქპატენტისა“ და კერძო კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეხილეობის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც მომავალში დიდ შედეგებს მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია USAID მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ღირებულების და ფერმერების შემოსავლის ზრდას.

„ყველა ფერმერს აქვს მიზანი, რომ განავითაროს ინკლუზიური ეკონომიკა, რაც ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „მზა ჩითილი“ თანამედროვე საწარმოა, სადაც იქმნება მაღალი ღირებულების და ხარისხის პროდუქტი. უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება საქართველოს ბაზრის მომარაგება, ასევე მეზობელ ქვეყნებში ან ევროპის ქვეყნებში ექპსორტის განხორციელება. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ კომპანიას წინსვლაში, ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას ქართველ მეწარმეებს და ხელს ვუწყობთ მათ, მსოფლიოს მასშტაბით ექპსორტზე გაიტანონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

მათივე ინფორმაციით, „მზა ჩითილი“ ერთ-ერთი წამყვანი სანერგე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ფერმერების მხრიდან კენკროვანი კულტურების ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება დაიწყო. „მზა ჩითილი“ უკვე ახორციელებს ჯიშების ,,მალგა’’ და ,,სკალა“ გამრავლებას. უახლოეს პერიოდში დაინტერესებული ფერმერებისთვის დაახლოებით 250 ათასი ნერგი გახდება ხელმისაწვდომი. სერტიფიცირებულ, თანამედროვე და პროდუქტიულ ჯიშებზე წვდომის გაუმჯობესება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთ–ერთი მთავარი მიზანია.

კომპანია „მზა ჩითილი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითაც სარგებლობს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მეურნეობაში ჯამურად განხორციელდა 2,800,000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც 365,000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს