გიგა ბოკერია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას „თვალებში ნაცრის შეყრის უტიფარ მცდელობად“ აფასებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ ხელისუფლების ინიციატივა „თვალებში ნაცრის შეყრის იაფფასიან და უტიფარ მცდელობად“ შეაფასა. გიგა ბოკერიას განცხადებით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები არსებული კანონმდებლობითაც დასჯადია და მათ შესრულებას პოლიტიკური ნება სჭირდება.

„ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ყველა ეს ქმედება, რაც მან ჩამოთვალა, დღესაც დასჯადია და ფორმულირების შეცვლა კანონში ან რაიმე პასუხისმგებლობის დამძიმება ჯერ არ არის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხია კანონი საერთოდ სრულდება თუ არა, არის თუ არა კანონის უზენაესობა და არის თუ არა პოლიტიკური ნება ამისთვის. იმ ვითარებაში, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში, არავინ არც ერთხელ არ დასჯილა ამ ტიპის დარღვევისთვის და უფრო მძიმე შემთხვევებისთვისაც კი, ეს არის იაფფასიანი უტიფარი მცდელობა. გავიხსენოთ წინა არჩევნები, როდესაც ოპოზიციური კანდიდატის შტაბს დღისით თავს დაესხდნენ და უსასტიკესად გაუსწორდნენ იქ მყოფ ადამიანებს. ამისთვის არავინ დასჯილი არ არის და ყველამ იცის, რომ აქ მოქმედებს წესი, რომ ყველა მოძალადეს ივანიშვილის გუნდი კარტ-ბლანშს აძლევს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ახლა ქვეყანაში იმდენად ნორმალური ვითარება არ არის, რომ კანონის ფორმულირებაზე დისკუსია მიმდინარეობდეს. ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას ვითარების გამოსწორება თუ სურს, ამის დემონსტრირება ქმედებებით უნდა მოახდინოს.

„ ჩვენ რომ გვქონდეს ნორმალური ვითარება, რომელიც, იმედი მაქვს, რომ გვექნება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მაშინ ეს დისკუსია თუ რომელი ფორმულირება არის უფრო ზუსტი რა დარღვევაზე უნდა იყოს უფრო მძიმე სასჯელი, ლეგიტიმური იქნებოდა, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, როცა უტიფარი განუკითხაობაა და ყველამ იცის, რომ ივანიშვილის გარშემო არსებულ ჯგუფებს აქვს ინდულგენცია იმაზე, რომ დანაშაული ჩაიდინონ, ეს დისკუსია არაფრის მომცემი არ არის. პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. დღეს არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურად საკმარისია, რომ იმ ტიპის ძალადობისთვის ადამიანებმა პასუხი აგონ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში” შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, კოდექსში ასევე მითითებული იქნება, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა