სალომე სამადაშვილი - არსებობს საფრთხე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს

არსებობს საფრთხე, „ქართულმა ოცნებამ“ გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ “ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებას ითვალისწინებს.

სალომე სამადაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივით „ქართული ოცნება“ აპირებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შექმნან ისეთი ილუზია, თითქოს აღმოფხვრიან არჩევნების დროს დაფიქსირებულ პრობლემებს.

„ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ მცდელობა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შექმნან ილუზია, თითქოს „ქართული ოცნება“ აპირებს სხვანაირად მოიქცეს ამ არჩევნებზე, ის მთავარი პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული წინა არჩევნებზე, აღმოიფხვრას. დღევანდელ ხელისუფლებას ძალადობის და მოსყიდვის არც ერთი დაფიქსირებული ფაქტი არ გამოუძიებია.

მეტიც, შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების პირობებში, იმის საფრთხეც არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ ჩატარდეს რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმურა, სადაც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ჩამოყალიბებას და მომავალი მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 2020 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია.

„გაუგებარია, როგორ შეიძლება პარტიამ, რომელის რეიტინგიც საუკეთესო შემთხვევაში 30%-არის, დააკომპლექტოს ხელისუფლება? ვფიქრობ, თვითონაც ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ამ არჩევნებს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები და ხელისუფლების შეცვლა მოყვება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა