სალომე სამადაშვილი - ისანთან მიმართებით ვითარება იმიტომ შეიცვალა, რომ გიორგი ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია - სხვა ოპოზიციურ ოლქებში გავაგრძელებთ შეთანხმების შესრულებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თბილისში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო და საბურთალოში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

თუმცა, როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს, სხვა ოლქებთან მიმართებით „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს იმ შეთანხმების შესრულებას, რაც მიღწეულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს საერთო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, ამიტომ დავუჭირეთ მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებს თბილისში და დავთმეთ საკუთარი კანდიდატის დაყენება ოლქების უმრავლესობაში. დღესაც მხარს ვუჭერთ შეთანხმებულ კანდიდატებს, მაგრამ ისნის ოლქთან მიმართებით პოლიტიკური ვითარება შეიცვალა იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მას შემდეგ, რაც ის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ წარედგინა საკუთარი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად. ანუ, ფაქტობრივად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია. რაც შეეხება „ძალა ერთობიდან“ გასვლას, ამან რა თქმა უნდა, დააზიანა მისი შანსი, რომ მიიღოს ხმების ის რაოდენობა მაჟორიტარულ ოლქებში, რაც ივანიშვილის კანდიდატის დასამარცხებლად არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ოლქს ნამდვილად ვერ დავუთმობთ ივანიშვილის კანდიდატს, გადავწყვიტეთ, რომ დავაყენოთ ჩვენი საკუთარი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ოლქში ბიძინა ივანიშვილის კონკურენტს დაამაცხებს“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძის კანდიდატურა იმის გამო შეირჩა, რომ, მათი შეფასებით, ის მაღალ კონკურენტუნარიანი იქნება ისნის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში.

„რა თქმა უნდა, არაერთი კანდიდატი შეიძლებოდა წარდგენილიყო, მაგრამ აღნიშნული ოლქისა და კონკურენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ხატია დეკანოიძე არის ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე აღნიშნულ ოლქში. სხვა ოპოზიციურ ოლქებში ჩვენ გავაგრძელებთ იმ შეთანხმების შესრულებას, რაც მიღწეულია“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა