იუსტიციის მინისტრი - ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად - ახალი წესი ეხება სუროგაციას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, თუ ვის ეხება მინისტრის ბრძანება სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის თაობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანი აცხადებს, ცვლილება შედის არა ხელოვნური განაყოფიერების, არამედ სუროგაციის პროცესში.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, აღიკვეთოს ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული. მინისტრი აღნიშნავს, რომ ცვლილებებით უნდა მოხდეს თავიდან აცილება ფიქტიური წყვილებისა, ვინც დანაშაულის მიზნისთვის იყოლიებს ბავშვს საქართველოში და შემდეგ გაიყვანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„ამ ყალბი ინფორმაციის უკან, ჩემი აზრით, დგანან ის კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებენ სუროგაციის გზით უცხოელი წყვილების საქართველოში შემოყვანის ფარგლებში, როდესაც ხდება სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა საქართველოში და შემდეგ მათი ქვეყნიდან გაყვანა. არავითარ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს. შესაბამისად, ვერ განხორციელდებოდა ის, რისი უფლებამოსილებაც მინისტრს არ აქვს. ამიტომ არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის. ეს არის ყალბი ინფორმაცია და მე მინდა ყველა ექიმს მოუწოდო, პაციენტებს ნუ აშინებენ. ამ სფეროში არავითარი ახალი წესი შემოტანილი არ არის და ვერ იქნება, მითუმეტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც არ არის უფლებამოსილი უწყება.

ახალი წესი, რომელიც იქნა შემოტანილი, ეხება სუროგაციას. სუროგაციაში გვაქვს ასეთი ვითარება, რომ 100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში ითავსებს ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, ასეთი სუროგატი დედების 100% არის საქართველოს მოქალაქე. ხოლო ის წყვილები, 98% და მეტი, ვინც საქართველოში სუროგაციის სერვისით სარგებლობს, არის უცხოელი. შესაბამისად, შემოდის წესი, სადაც წყვილი იქნება კვლავაც გაგებული ისევ, როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნისთვის ქმნის საქართველოში ბავშვს და გაყავს საქართველოს გარეთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, უცხოელი ან შერეული ეროვნების წყვილი, რომელიც გადაწყვეტს სუროგაციის გზით ბავშვის ყოლას, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე ერთი წელი ერთად უნდა ცხოვრობდეს.

„მოვითხოვთ 1-ელი სექტემბრიდან, რომ ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი ან შერეული წყვილი, ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ერთად, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე, რომ ჩვენ სახეზე გვქონდეს წყვილი, რომელსაც მართლა სურს ბავშვის ყოლა და აღზრდა, აქვს ან არ აქვს უშვილობის პრობლემა, მაგრამ სუროგაციის გზით უნდა ყავდეს შვილი აღსაზრდელად და არა იმისთვის, რომ გაიყვანოს საქართველოდან და შემდეგ ამ ბავშვის უფლებები დაირღვეს. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. ყველა ის ქალი, იქნება დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად. მათთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრი ვერავითარ ახალ წესს ვერ შექმნიდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო