არჩილ თალაკვაძე - ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში

„ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია დასავლური ოჯახისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან, კოვიდ პანდემიასთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის ცხოვრების და მისი ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ემიგრანტების როლზე, რომლებიც საზღვარგარეთ შრომობენ, ქმნიან დოვლათს, ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს.

„საქართველოს ჰყავს წარმატებული და ძლიერი დიპლომატიური სამსახური, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჰყავს არერთი ძალიან წარმატებული თანამემამულე საზღვარგარეთ, ვინც ჩვენს სამშობლოს ღირსეულად წარმოაჩენენ. ადამიანები, რომლებიც შრომობენ და ქმნიან დოვლათს, ქმნიან ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს, საქართველოს. დიასპორას აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში, ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და სწორედ ეს ადამიანები, ემიგრანტები აცნობენ საქართველოს მთელს მსოფლიოს.

ბოლო პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ რთული დღეები, გლობალურმა პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. გამოცდის წინაშე დააყენა მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემები. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ამ რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს მის თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში განახორციელა. მათ შორის, მთავარ კონსტიტუციაზე, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე: „2017-2018 წლებში საქართველოს პარლამენტმა და ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს, განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ხვალ და როგორი სახელმწიფო სურთ ჩვენს შვილებს და სწორედ ამ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს დიასპორებს და ჩვენი თანამემამულეების კავშირების შენარჩუნებას სამშობლოსთან. ეს ხდება პირველად, როდესაც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტი განსაკუთრებულ აქცენტს ააკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე”.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი განცხადებით, ამ პროგრამების მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარგარეთ მიეცათ საშუალება, რომ განახორციელონ ის პროექტები და ინიციატივები, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს დაეხმარება.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს