თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი 30 აგვისტოს გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კვირას, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესო აქციის გამართვას აანონსებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა, ისინი მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროონ.

თეონა თამაზაშვილის თქმით, თუ საქმე არჩევნებამდე გამოძიებული არ იქნება, ის უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს.

„ამდენი დამთხვევა ხომ არ არსებობს ბუნებაში, რომ უბრალოდ, დაემთხვა და ავტომობილები სწორედ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ. თუმცა, შემდეგ სად წავიდენ და რა გაკეთეს, კაცმა არ იცის. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმის გამოძიება დააჩქარონ.

„არჩევნებამდე უნდა იყოს გამოძიებული, თუ არადა, სხვა რადიკალურ ზომებს მივმართავ. კეთილი ინებონ და საქმის გამოძიება დააჩქარონ. აქციის გამართვაც სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამდენი ხანი გავიდა და მუხლიც კი არ არის გადაკვალიფიცირებული. გაასაჯაროვონ, იდგა თუ არა ის ავტომობილები იქ. ამას რაც მალე გააკეთებენ, მით უკეთესი მათთვის. იმის ილუზია ნუ ექნებათ, სახლში დავჯდები და მათ დაველოდები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრებს ავრცელებს. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი - მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს