მარინა ეზუგბაია - ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული 1 კლინიკა, რომელიც  ინფექციური დაავადების პაციენტებს უმკურნალებს

„ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული 1 კლინიკა, რომელიც ინფექციური დაავადების პაციენტებს უმკურნალებს“, - ამის შესახებ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოყოფილია თანხები ინფექციური საავადმყოფოს ახალი ცენტრის შესაძენად, რისთვისაც ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„სიახლე არ არის, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი 1 კლინიკა, რომელიც გაატარებს და უხელმძღვანელებს ინფექციური დაავადების პაციენტებს.

თქვენ მოისმინეთ განცხადება, რომ უკვე გამოყოფილია თანხა ახალი ცენტრის შესაძენად, საუბარი მიდის ტექნიკურ სამუშაოებზე, იმედი მაქვს დაწყებული საქმე გაგრძელდება და კეთილად დაგვირგვინდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის მიიღებს ინფექციური საავადმყოფო კოვიდინფიცირებულების და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტებს, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს იმ სერვისების გამართვა, რაც საჭიროა პაციენტების მისაღებად.

„დაწყებულ სამუშაოებს მინიმუმ 3 კვირა სჭირდება, მაგრამ ეტაპობრივად, რაღაც სერვისების მოგვარებას მოვასწრებთ. ჟანგბადის მიწოდების სერვისის გამართვა ხდება ახლა, როგორც კი გაიმართება, თუნდაც 1 კორპუსი, იმ კორპუსში დავიწყებთ პაციენტების მიღებას, ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს საჭიროებასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა, სადაც განაცხადა რომ საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან დროებით გავიდა, რა გადაწყვეტილებითაც ჯანდაცვის სამინისტრო უკმაყოფილოა. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სამინისტროს წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა, რის გამოც ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ ინფექციური საავადმყოფო კანონის მიხედვით დაჯარიმდეს

თუმცა, მალევე. ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოიყენოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო