სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატიმარ ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას  ეხმაურება და აცხადებს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარ ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით.

28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის -ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა.

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „სამართალდამცავებმა“ დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. „სამართალდამცავმა ორგანოებმა“ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ქალაქში მილიციის რაზმები მორიგეობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა