ირმა ინაშვილი - არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას, ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მიიღეს პოლიტსაბჭოზე. ინაშვილი სოციალურ ქსელში საარჩევნო ბანერთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „შიდა და გარე პროვოკაციას არ გამორიცხავს“.

"ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაცით იწყება. დღეს აქტუალური ბათუმის ბანერის თემა გახდა. ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos! რასაც ფოტოზე ხედავთ! მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ეს იყო! დღეს მთელი დღეა ჟურნალისტებს ვპასუხობ კითხვაზე, რატომ უნდა დავიცვათ აჭარა, რა ხდება იქ განსაკუთრებული. აჭარაში რომ თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება, ამაზე მრავალი წელია საჯაროდ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ არამარტო ტელეთერებში, არამედ პარლამენტში მქონდა რამდენიმე საჯარო მოხსენება აჭარის თემაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენჯერმე მივმართე, რომ დაეწყოთ გამოძიება აჭარაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, დასაცავია აჭარა, დასაცავია ჩვენი წილი საქართველო!

ვიდრე ბანერის თემაზე გიპასუხებთ, მინდა ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოგაწოდოთ: ეს ინფორმაცია 100%-ით სანდო და სარწმუნოა. სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ. სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა. ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ! თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი, ოფისში ვისაც ეს საქმე ეხება, არავინაა და კომენტარებს საღამომდე ისე ვაკეთებ, რომ თვითონ არა ვარ თემაში გარკვეული. მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები. მთავარი კი ისაა, რომ დაუდოღლუს და ერდოღანის გამონათქვამებზე უნდა გავბრაზდეთ, აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე უნდა გავბრაზდეთ და არა ბანერის ფერის გამო, მოვაწყოთ ჭიქაში ქარიშხალი. დღეს ბანერის თემას მდინარაძე, კობახიძე და კობახიძის მრჩეველი - შარმანაშვილი გამოეხმაურნენ. ფეიკი მეგონაო, - მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე „შმატრიოტებზე“ რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია.

P.S. ისე, "ქართული ოცნების" აჭარის კანდიდატების პრეზენტაცია წეღან თურქული გემის ფონზე რომ მიმდინარეობდა, ეს, ერთობ ეხმიანება „ოცნების“ ლიდერების პათოსს”, - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქში".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა