გიორგი გახარია - მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არასდროს დატოვებს

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი და სხვებს არ დაასაქმებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი რამ ისევ გასაკეთებელია. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში და მათ შორის, ქედაში, სისტემური ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მისი თქმით, სასმელი წყლის პრობლემა ქედაში მოსახლეობას 2-3 წელში მოუგვარდება.

„დიდი პატივია ვიყო აქ, ქედა ხომ დაწყებული შუა საუკუნეებიდან ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო, დღეს კი ქედა იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, ტურიზმის განვითარების ცენტრად. თქვენ აქ ცხოვრობთ და ჩამოსულ სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და მომავლის იმედს უქმნით თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე ჩვენ ერთად დავიწყეთ, ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ქედაში ბევრი წამოწყებაა გასაკეთებელი და დასასრულებელი. ბევრი ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქ მცხოვრებ ხალხს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალანარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. მოგეხსენებათ, რომ უახლოესი ორი- სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა აქ მოგვარდება. გაზიფიცირება - საერთოდ გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და უკვე მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და ეს პრობლემაც ჩვენ მოქალაქეებს, თითოეულ ოჯახს უნდა მოვუგვაროთ. გზები - მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ცენტრებიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, სოფლებს შიგნით გზები და ასევე, ქედაშიც გზებისთვის თანხები გამოყოფილია და ამის რეაბილიტაციაც დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება, ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, თბილისში იქნება, ბათუმში თუ ქედაში, ჩვენს მოქალაქეებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს, ის მინიმალური დონე ცხოვრების უნდა დაკმაყოფილდეს ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აჭარაში საერთოდ და ქედაში დაგროვდა, ეს არის მიწის რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარაშიც აღარ იქნება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოებისთვის გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორიც არის გზა, წყალი, გაზი, მივდივართ ნელ-ნელა უკეთესობა ეტყობა, როგორც ბათუმს, ქედას და მთლიან საქართველოს. თუმცა, ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ. ამასთან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. არავის ეგონოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ამიტომ როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტული ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე - ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლო ჯამში ქვეყანაზე. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს