უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს ციფრული გამოფენა გაიხსნა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 30 აგვისტოს აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრიდან აცნობეს, ამ ღონისძიების საშუალებით ხდება გაუჩინარებული ადამიანების გახსენება და მათი ოჯახებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა.

COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ინიციატივით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე წელს ციფრული გამოფენის გახსნით აღინიშნება, რომელიც გაუჩინარებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს ეძღვნება. „დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი“ 1990-იანი და 2008 წლების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრების ინტერვიუებსა და მათ მიერ მოწოდებულ სხვა მასალებზე დაყრდნობით მომზადდა და ცდილობს გადმოგვცეს ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ახლობელი ადამიანის გაუჩინარებას - გამოცდილებას, რომელიც აღიქმება როგორც ხსოვნისადმი მიძღვნილი ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი მოქმედებების ერთობლიობა. ან, სხვა სიტყვებით, როგორც მუდმივი მოქმედება მათი დავიწყების საწინააღმდეგოდ.

1990-იანი და 2008 წლების კონფლიქტების ისტორიული და სპეციფიკური ფონი მიზანმიმართულად გამოტოვებულია, რადგან ნამუშევრის მიზანია ყურადღების გამახვილება იმ ტკივილის საერთო ბუნებაზე, რასაც განიცდიან გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრები, ამ ტკივილთან თანაცხოვრებისა და გამკლავებისას: ამ ტანჯვას არ აქვს ეროვნება, ადგილმდებარეობა და არავის ტკივილი არის სხვისაზე მეტი. დედის სიტყვებით, რომელმაც ვაჟი დაკარგა, „მწუხარებას არ აქვს ეროვნება. ჩვენ საერთო ცის ქვეშ ვცხოვრობთ; ჩვენი ტკივილი ერთნაირია.“ ოჯახის წევრებმა არ იციან, თუ რა შეემთხვათ მათ ახლობლებს, არ შეუძლიათ ღირსების დაცვით დაკრძალონ საყვარელი ადამიანები, არ გააჩნიათ ადგილი, რომელსაც პატივს მიაგებენ - ეს ყველაფერი აუტანელ ტვირთად აწევს მათ.

ციფრული გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე, ამ ეტაპზე ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე. ამ გზით გამოფენის ნახვას უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ყველა ოჯახი შეძლებს. ნამუშევარი მიზნად ისახავს საზოგადოების სენსიტიზაციას გაუჩინარების პრობლემის მიმართ, დაკარგული პირების ახლობლების განცდების ჩვენების გზით. გარდა ამისა, დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტის მიზანია პატივი მიაგოს ყველა იმ ოჯახს მსოფლიოში, რომელთა ახლობლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სიტუაციაში გაუჩინარდნენ.

1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი, დღემდე უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ორი ჰუმანიტარული პლატფორმის ფარგლებში, წჯსკ 2010 წლიდან ხელს უწყობს დიალოგს აფხაზ, ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს შორის, რათა მოხდეს დაკარგულ პირთა ოჯახებისთვის პასუხების გაცემა მათი ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ. დღემდე, სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს