გიორგი ვაშაძე - ქვეყნაში კრიმინალი გაორმაგებულია, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი  60%-დან 35%-მდეა შემცირებული

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 35 000-დან 64 000-მდე გაიზარდა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 60%-დან 35%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი უსაფრთხოებას ვერც უზრუნველყოფენ. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის თქმით, გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულებრივი საქმეების გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც დღეს არსებული მძიმე სტატისტიკაც ადასტურებს.

„დღეს შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა კრიმინალია. შედეგად ქვეყანაში დარღვეულია სიმშვიდე და ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობენ. წარმოგიდგენთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას ცხადყოფს. 2015 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია კრიმინალის დონე ქვეყანაში, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი, 60%-დან 35%-მდეა შემცირებული. საკმაოდ ბევრი დანაშაულის შემთხვევაა ქვეყანაში: მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა, ამასთან იმატა დამნაშავის დაუჯელობის განცდამ,“ - აცხადებს ვაშაძე და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“ ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას აკისრებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მოქალაქეებს ეშინიათ ქუჩაში საღამოს გასვლის, რადგან ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულის კონკრეტული შემთხვევები და დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი მათი უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

„დღეს სამართალდამცავი უწყებები გადასულები არიან პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე. რა თქმა უნდა, დრო არ რჩებათ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოფენ მათი უსაფრთხოება. რადგან „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ მიერ დასახული მთავარი ამოცანა პოლიციური სტრუქტურის დეგრადირება და მათივე შეკვეთების შესრულება. მათგან ეკიპაჟებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დევნის პირდაპირი დავალება და მითიეთება აქვთ: დააშინონ, ხელი შეუშალონ საიმიჯო პლაკატების გაკვრისას და არ ებრძოლონ ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილ კრიმინალს. ყველაზე მძიმე რეალობაა, რომ საკმაოდ დაბალია მკვლელობებისა და ყაჩაღობის გახსნის მაჩვენებელი. სერიოზალად მოიმატა თვითმკვლელობების შემთხვევებმა. საქმე აღძრულია ამ მუხლით, თუმცა გამოუძიბელია ამ ადამიანებს თვითმკვლელობა ვინ აიძულა, მათზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა ვინ მოახდინა. აი, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და ამას უნდა ვუპასუხოთ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ წარმოგიდგენთ გეგმას, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდებიან იმ უზარმაზარი წნეხისგან, რომელშიც ისინი მუშაობენ. გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს