ანრი ოხანაშვილი - ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს დაინფიცირებულთან შეხება არ ჰქონიათ, რის გამოც მათი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ დგას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და მის წევრს, ირაკლი კობახიძეს არ ჰქონიათ დაინფიცირებულ პირთან შეხება, შესაბამისად, მათი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება კანონმდებლობით არ დამდგარა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლობით თვითიზოლაციაში გადადის ის ადამიანი, რომელსაც უშუალოდ შეხება ჰქონდა დაინფიცირებულ პირთან ან ინფექციის შესაძლო მატარებელთან.

ოხანაშვილის თქმით, არჩილ თალაკვაძემ, ვინაიდან მას უშუალო შეხება ჰქონდა მისი დაცვის წევრთან, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი აჩვენა.

„პარლამენტის თავმჯდომარე არის ნიმუში და მაგალითი მაღალი პასუხისმგებლობის. მამუკა მდინარაძე ან ირაკლი კობახიძე რომ ყოფილიყვენ შემხებლობაში, ისინიც, რა თქმა უნდა, მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ გაექცეოდნენ და შესაბამისად, გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა შემხებლობაში, გადავა ან გადასულია თვითიზოლაციაში. ჩვენთვის რა თქმა უნდა, უმთავრესია კანონის დაცვა,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იკეტება „ქართული ოცნების“ ოფისი ამ ვითარებაში, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რაც კანონდებლობით მოთხოვნილია, ყველა ღონისძიებაა გატარებული.

„ყველა საჭირო ზომაა მიღებული იმისთვის, რომ კანონის შესაბამისად დავიცვათ პარტიაში მყოფი მოქალაქეები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა