ირაკლი კობახიძე - კორონავირუსზე ტესტირება მეც გავიარე და შტაბის წარმომადგენლებმაც, პასუხი იყო უარყოფითი - ვგეგმავთ, რომ სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები იქნა მიღებული, თუმცა ეს არ შეაფერხებს მათ წინასაარჩევნო კამპანიას.

„უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით მუშაობის სტანდარტულ გრაფიკს. ეს არ შეაფერხებს ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ჩვენ შედარებით შევზღუდეთ შტაბის თანამშრომელთა მოსვლა საარჩევნო ოფისში და ასევე, სპეციალური ზომებია მიღებული მათ შორის, პირბადე, თერმოსკრინინგი და ა.შ. ანუ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის მიღებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც პარტიის ოფისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება მას და შტაბის სხვა წევრებსაც ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითი იყო.

„ტესტირება მეც გავიარე და შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც. გუშინწინ ჩატარდა ჩვენი ტესტირება და პასუხი იყო უარყოფითი. ვგეგმავთ, რომ როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არჩილ თალაკვაძის შემთხვევაში პროტოკოლით განსაზღვრული ზომები იქნა მიღებული და კორონავირუსი მისი დაცვის მხოლოდ ერთ წევრს დაუდგინდა.

„თალაკვაძის დაცვის ერთი წევრი დაინფიცირდა კორონავირუსით. ის ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენი სამი თანამშრომელია ინფიცირებული, არ შეესაბამება სიმართლეს. უბრალოდ ამ დაცვის წევრთან შემხებლობაში მყოფ კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე „კოვიდ 19“ დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრს, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს