ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე ვერ ჩამოვლენ

ამჟამინდელი გადაწყვეტილება არის ის, რომ წესით NDI-დან და IRI-დან არ ჩამოვლენ დამკვირვებლები არჩევნებზე. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მაგალითად, უკრაინაში ტარდებოდა მუნიციპალური არჩევნები და იქაც გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტი. ეს არის ჩემი ინფორმაცია, რაც მაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისვე განმარტებით, ეს არის ზოგადი გადაწყვეტილება, რაც მათ მიიღეს დამკვირვებლებთან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში.

„მე პირადად მქონდა შეხვედრა IRI-ის ოფისის ხელმძღვანელთან, სადაც მან განმარტა ამ ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პარტიას სრულმასშტაბიანი კამპანია ექნება. კობახიძის განმარტებით, არის მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ ამოქმედდება, მათ შორის, სატელევიზიო რეკლამის განთავსება და ა.შ.

„სრულმასშტაბიან კამპანიაზე გადავა ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია საკმაოდ ინტენსიურად აწარმოებს თავის საარჩევნო კამპანიას. თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს კამპანია ადაპტირებულია საჭიროებებზე, რომლებიც გამომდინარეობს კოვიდის გავრცელების რისკიდან. შესაბამისად, ამავე რეჟიმში გაგრძელდება ჩვენი მხრიდან კამპანიის წარმოება. დავიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენი კამპანია იქნება საკმაოდ ინტენსიური იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები, მათ შორის, საპროგრამო გზავნილები მივიტანოთ თითოეულ ამომრჩევლამდე.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ამ შემთხვევაში დადგენილია სპეციალური პროტოკოლი, გათვალისწინებულია მხოლოდ PCR ტესტირება დამკვირვებლებისთვის. ასევე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა. დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის, ეუთო-დან, სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI, NDI, ევროპარლამენტი და ჯერ კიდევ ადგენენ, ზოგადად წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში. აქ, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების არჩამოსვლის მიზეზი არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან ამ ორგანიზაციების კრიტიკა, კობახიძემ უპასუხა, რომ მმართველი პარტია IRI-ს და NDI-ს არასდროს აკრიტიკებს.

„ჩვენ NDI-ს და IRI-ს არასდროს ვაკრიტიკებთ. არის მხოლოდ ერთი პატარა გამონაკლისი, სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ არა მათ, არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს, იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან NDI-ს და IRI-ს კრიტიკას თქვენ ვერ მოისმენთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა