მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14-ის წყარო ინფიცირებულებთან კონტაქტია, 8 შემოტანილია, ერთის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 პაციენტის წყარო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 შემთხვევა შემოტანილია, ერთის წყარო კი უცნობია. ეზუგბაიას განმარტებითვე, „ქართული ოცნების“ ოფისის თანამშრომლებს ახალი შემთხვევა არ დამატებია.

„გუშინ, ქვეყანაში გახლდათ 1487 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 23 და გახდა 1510 დადასტურებული შემთხვევა. 23-ის განაწილება ასეთია - 14 პაციენტის დადასტურების წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით, კონტაქტების მოძიება ინტენსიურად გრძელდება.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-ით გაიზარდა, 1240 იყო და გახლავთ 1253, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უცვლელია, კვლავ 83%-ია. დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 230 პაციენტი მკურნალობს, ამ 230 პაციენტში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა კვლავ 3 გახლავთ, მძიმეთა რაოდენობა 2-ით შემცირდა და გახდა 21. დანარჩენი პაციენტების სიმძიმე საშუალო და მასზე მსუბუქია.

ჩვენთან გუშინ ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა ორი, დღევანდელი მონაცემებით ჩვენთან 9 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს, სიმძიმეთა კონფიგურაცია არ შეცვლილა, კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, დღეს ცოტა გუარესება შეინიშნება და გვრჩება ერთი მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვეში ქვეყანას 3 ახალი კლასტერი შეემატა, ამას კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ არ შეუცვლია.

„შემიძლია ივლისის და აგვისტოს მონაცემები შევადარო. ივლისში 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და მხოლოდ ერთი დიდი კლასტერი გვყავდა - გარდაბნის კლასტერი. აგვისტოს თვეში ჩვენ დაგვემატა კიდევ 3 ახალი კლასტერი - მესტიის, ქობულეთის და ყაზბეგის. მიუხედავად სამი კლასტერის დამატებისა, მართალი გითხრათ, დიდი სხვაობა არ არის, თუ ივლისში 240 დადასტურებული შემთხვევა იყო, აგვისტო უკვე დამთავრდა და 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის. სამ ახალ კლასტერს პაციენტების რაოდენობის ძალიან დიდი ზრდა არ მოჰყოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდსამსახურის მუშაობა მყისიერი, ეფექტური და თანაზომადია. გამოჯანმრთელებულებიც აგვისტოს თვეში სოლიდური გახლდათ, თუ ივლისის თვეში 144 გამოჯანმრთელებული იყო, აგვისტოს მონაცემებით 316 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვაქვს. დიდი საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ. იმისთვის, რომ ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რეგულაციები შევასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი დამცველი ეს არის, დისტანცირება და პირბადეების ტარება. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პირბადის ტარება ჩვენი დაცვაა, ასევე ჩვენი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების. სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება, იქ აუცილებლად უნდა იყოს პირბადეების გამოყენება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ მომდევნო თვეებში გარკვეული ობიექტები კვლავ დაიკეტოს, ეზუგბაია პასუხობს, რომ ეს „დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

„მოსახლეობა რეგულაციას თუ დაიცავს, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ეზგუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა