გედევან ფოფხაძე - თუ აქამდე არავინ დასჯილა, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, რა ფორმით გინდათ მარტო სასჯელის გამკაცრებით ვინმე შეაფერხოთ ზეწოლისგან და ძალადობისგან?

თუ აქამდე არავინ დასჯილა, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, რა ფორმით გინდათ მარტო სასჯელის გამკაცრებით ვინმე შეაფერხოთ ზეწოლისგან და ძალადობისგან? თუ ჩვენი დასჯა გინდათ და გგონიათ, ჩვენ ვაპირებთ ძალადობას, ეს არის აბსურდი, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

ფოფხაძემ ინიციატორებს შესთავაზა კანონპროექტი გაიტანონ, კოლეგებს კი მოუწოდა, რომ თუ კანონპროექტის გატანა არ მოხდება, მას მხარი არ დაუჭირონ.

„ბოლომდე გულწრფელები და მართლები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. გვახსოვს 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი და გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმი, მისი დამოკიდებულება არჩევნების და ამომრჩევლისადმი და რა შედეგებით მოვედით იქამდე, რომ ეს რეჟიმი არჩევნების გზით შეცვლილიყო. ეს იყო ტერორი. ბევრი შემთხვევა შემიძლია გითხრათ, ღამე არ გადიოდა, რომ ჩვენი აქტივისტი არ გალახულიყო. ყველა ღამეს იყენებდა სააკაშვილის შტაბი ბორჯომის რაიონში, რომ ეძალადა ჩვენს მომხრეებზე. არცერთი ეს ფაქტი არ გამოძიებულა და არავინ დასჯილა. თუ ჩვენ არავის ვსჯით, მაშინ რატომ ვამკაცრებთ ამ კანონებს?

შეგახსენებთ, 2014 წელს გაჩნდა ისეთი ფენომენი, როგორიც იყო საინიციატივო ჯგუფით 42-ე ნომრით დაინიცირება, რომელსაც უშიშროება ეხმარებოდა კოალიციის სხვა სუბიექტების წინააღმდეგ. 2016 წელს ძალიან ბევრი მაჟორიტარის წინააღმდეგ, რომელიც კოალიციის ყველა წევრისთვის თუ „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის მისაღები არ იყო, უშიშროებამ იმუშავა. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისევ იქნება ძალოვნების ჩარევა არჩევნებში. ამიტომ ამ კანონით ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ერთმანეთს და ამომრჩეველს თვალში ნაცარს ნუ შევაყრით. წინასაარჩევნოდ ასეთი ქცევა კიდევ უფრო აშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან, ხდის უფრო დაპირისპირებულად საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ და ქმნის ილუზიას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, თუ უმრავლესობის დეპუტატებს სურთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაშინ მათ კონკრეტულ მექანიზმებზე უნდა ისაუბრონ.

„თუ აქამდე არავინ დასჯილა, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, რა ფორმით გინდათ მარტო სასჯელის გამკაცრებით ვინმე შეაფერხოთ ზეწოლისგან და ძალადობისგან. თუ ჩვენი დასჯა გინდათ და გგონიათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ძალადობას, ეს არის აბსურდი. თუ ხელისუფლება ბერკეტებს უქმნის თავის თავს, რომ პასუხი მოსთხოვოს, იყო კონკრეტული შემთხვევა - ია კერზაიას შემთხვევა ზუგდიდში, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა. ყველაფერი ვიცით, ამას წინ რა უძღვოდა.

სირაქლემას პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ შემთხვევასთან მიმართებაში. იმის თქმა, რომ ეს ქალბატონი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო და მერე რა, ამორალური იქნება. გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, ეს კანონი არავის სჭირდება, რეალურად ის არაფერს გვიცვლის. ჯერ პრეცედენტი არ შექმნილა, არცერთი ძალოვანი არ დასჯილა, არცერთი ადმინისტრაციული მუშაკი არ დასჯილა, რომ მასწავლებელზე და საბავშვო ბაღის თანამშრომელზე ზეწოლა ხდება, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება... გარწმუნებთ, რომ ამ კანონის მიღება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის, ეს არის თვალთმაქცობა. მე ვერ დავიჯერებ, რომ პარლამენტის წევრებმა არ იცით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და უშიშროების ჩარევა რომ ხდება საარჩევნო პროცესში. თუ არ იცით, კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით, მაგრამ არა ტრიბუნიდან. ყველამ ვიცით, რომ უშიშროება იყო ჩარეული არჩევნებში და სოსო გოგაშვილი იყო ჩარეული პარტიების საქმიანობაში. ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს!“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო