მამუკა არეშიძე - ბიბილოვის დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა და შეცდომებმა ხალხის ქუჩაში გამოსვლა განაპირობა

„ბიბილოვის დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა და შეცდომებმა განაპირობა ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ეს მოსკოვს არ აწყობს. ამიტომ მგონია, რომ ბიბილოვს თუ არ მოაცილებენ იქიდან, ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დაისჯება“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ცვლილებები უკვე დაწყებულია.

„ცვლილებები უკვე დაიწყო, მთავრობა გადადგა. არ არის გამორიცხული პრეზიდენტიც მიყვეს. უნდა ითქვას, რომ ასეთი აქციები გვინახავს ჩვენ ცხინვალში, კოკოითის პრეზიდენტობამდე, მაშინ იქაური საზოგადოება სხვას უჭერდა მხარს და ამას მოყვა ზამთარში ხანგრძლივი აქციები. დღევანდელ აქციებს ცოტა განსხვავებული ხასიათი აქვს. ნიშანდობლივი იყო ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის წერილი, სადაც ის წერდა, რომ ტატუნაშვილის ამბავს თუ ვაპატიებთ დღევანდელ ხელისუფლებას, მაშინ ამას მოყვება ანალოგიური შემთხვევები ოსი ეროვნების მოქალაქეების მიმართო და მართალიც აღმოჩნდა. ბიბილოვის რეჟიმის დროს იზოლატორებში, ციხეებში ხალხის წამება მიღებული ფორმა იყო. საბოლოო ჯამში უმძიმესმა ფსიქოლოგიურმა ფონმა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ამ ფაქტმა მიიყვანა ეს მორჩილი ხალხი აქციებამდე. ეს არ იყო მხოლოდ ინალ ჯაბიევის სიკვდილის გამო, ეს იყო პროცესის და შექმნილი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო. ცვლილებები უკვე მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის გადაყენება, ბიბილოვის პოზიციების სერიოზული შერყევა და მოსკოვის უკმაყოფილებაც. რა სჭირდება მოსკოვს ცხინვალისგან? მათთვის ე.წ.სამხრეთ ოსეთი არასდროს იქნება სრულყოფილი სუვერენული სახელმწიფო. ეს არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, დიდი ავიამზიდი, რომელიც არის კავკასიის გულში. რუსეთს სჭირდება, რომ აქ იყოს მუდმივი სტაბილურობა. ხალხი უნდა იყოს ჩუმად და უნდა ემსახურებოდნენ იმ მიზანს, რომელიც აქვს მოსკოვს. იქ „ბუნტი“ და არეულობა არავის არ აწყობს. აქედან გამომდინარე, ბიბილოვის დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა და შეცდომებმა განაპირობა ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ეს მოსკოვს არ აწყობს. ამიტომ მგონია, რომ ბიბილოვს თუ არ მოაცილებენ იქიდან, ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დაისჯება“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ “კვირის“ პრესკლუბში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოჰყვა, რომელიც მისი ახლობლების მტკიცებით, წამებითაა მოკლული.

აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა „მთავრობა“ დაითხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს