კომპანია „ელგრინი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ელგრინი“ განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერდიოში კომპანიის მიმართ არსებულ კრიტიკას პასუხობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანია, ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურება ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე რუსეთის მონოპოლიური როლის აღგენის მიზანს”.

„საქართველოს ელექტროენერგიის სექტორი დეფიციტურია ზამთარში და პროფიციტური ზაფხულში. ეკონომიკის და, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის კვალდაკვალ, 2017 წლიდან მკვეთრად გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. შედარებისთვის, თუ 2016 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა დაახლოებით 0.5 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა, 2017 წელს იმპორტის მოცულობა 1.5 მილიარდი კილოვატ/საათამდე გაიზარდა, ხოლო 2019 წელს იმპორტის მოცულობამ 1.63 მილიარდი კილოვატ/საათს მიაღწია. 2015 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი პრაქტიკულად მონოპოლიზირებული იყო რუსეთის მიერ და იმის მიუხედავად, რომ საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზი „მესხეთი-400“, ჯერ კიდევ 2013 წელს შევიდა მწყობრში, ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით საერთოდ არ ხორციელდებოდა, რაც აფერხებდა საქართველოს, როგორც ენერგეტიკული დერეფნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზაციას. საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ უკანასკნელ წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც გამოიხატა ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციასა და ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული კონკურენტული გარემოს შექმნაში, კომპანია „ელგრინს“, რომელიც, თავის დროზე, აზერბაიჯანში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის დასავლეთის მიმართულებით ექსპორტის მიზნით დაფუძნდა, შესაძლებლობა მისცა, ხორცი შეესხა „ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიხანის“ პროექტისთვის, რის ბაზაზეც, ჩვენი კომპანია, დღემდე ახორციელებს აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში, ხოლო საქართველოს გავლით - თურქეთსა და საბერძნეთში.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2016 წელს, კომპანია „ელგრინმა“ აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით, ჯამურად განახორციელა 923 მილიონი კილოვატ/საათის ელექტროენერგიის ექსპორტი, რომლის მხოლოდ 13% იქნა იმპორტირებული საქართველოში, ხოლო დანარჩენი 87% - საქართველოს გავლით გავიდა თურქეთში. შედეგად, საქართველომ მოახერხა გათავისუფლებულიყო რუსეთზე ენერეგოდამოკიდებულისგან, დაეძლია რუსეთის მონოპოლიური გავლენა ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე და იმპორტირებული ენერგიის ფასები 2015 წლამდე არსებული 7,5 ცენტიდან 5 ცენტამდე შეემცირებინა. 2017 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ძირითადი წყარო, რუსეთის მაგივრად ხდება აზერბაიჯანი და ეს მოცემულობა, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან ერთობლიობაში, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის უმთავრესი შემაკავებელი ფაქტორი გახდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად დაუსაბუთებელი და არაკომპეტენტური კრიტიკა ჩვენი კომპანიის მიმართ, მათ შორის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მხრიდან, რომელიც მსხვილ ბიზნესსექტორში შეძენილი გამოცდილების მიუხედავად და ამის საპირისპიროდ, ჯიუტად ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დაბალ ფასებს თურმე რომელიმე ბიუროკრატის მოლაპარაკებების უნარი განაპირობებს და არა თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანია, ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურება ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე რუსეთის მონოპოლიური როლის აღგენის მიზანს, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის დამატებითი რისკების გაჩენის პარალელურად, ყოველმიზეზგარეშე გამოიწვევს იმპორტირებულ ენერგიაზე ფასების ზრდას. ჩვენ უკვე მივმართეთ თხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ საკითხში სიცხადის შესატანად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვიურად გაასაჯაროოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ სთავაზობს ქვეყანას იმპორტირებულ ენერგიაზე უკეთეს პირობებს. და ბოლოს, „ელგრინი“ საერთაშორისო კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებლები საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. კომპანია ოპერირებს ოთხ ქვეყანაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას კომპანიაში არც ღია და არც ფარული ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, ყველა სახის ეგრედ წოდებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდესს იგი, მტკნარ სიცრუეზე დაფუძნებული იაფფასიანი სპეკულაციაა”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა