პრემიერი - ოკუპაცია ჩვენი უდიდესი პრობლემაა - შეუძლებელია ქვეყნის წარმატებაზე ვისაუბროთ, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება სამშობლოში დევნილი

შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებაზე და წარმატებაზე ვისაუბროთ, ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კასპში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა რუსული ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპაციის დაძლევის ერთადერთი გზა ევროპული სახელმწიფოს შექმნაა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოში, კახეთში თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი უდიდესი პრობლემა. ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც ყოველდღიურად იქნება ჩვენთვის, სანამ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ იმას და ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოში ეკონომიკა გავაძლიეროთ, გავხადოთ წარმატებული, ვიზრუნოთ თითოეულ ადამიანზე და ვიშრომოთ ჩვენი მომავლისთვის. იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის იქეთ, ჩვენმა ოსმა, აფხაზმა მოქალაქეებმა ნახონ ეს სხვაობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის მიზანი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვდგებით და სამუშაო დღეს ვიწყებთ, განსაკუთრებით კასპში, არ არსებობს არანაირი მიღწევა, ან წარმატება, რომელიც არ იყოს განპირობებული ოკუპაციით.

როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მიწაზე, ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც თავის სამშობლოში დევნილები გახდნენ და შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებაზე და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებული, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ამ მიზანს ჩვენ მარტო ჩვენთვის არ ვაღწევთ, ვაღწევთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, როგორ შეგვიძლია ოკუპაცია დავძლიოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა