კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - ლუგარის ცენტრიდან წაღებული ინფორმაციების ფაბრიკაცია მოხდა, რაც სუფთა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა

კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ანდრო გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა განუცხადა, აღნიშნული ქმედებით რუსეთს სურდა გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ბიოლოგიურ ტესტში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ საქართველოში, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება.

„ამ ეტაპზე, რაც დასტურდება ოფიციალური განცხადებით, ეს იყო საინფორმაციო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის განკუთვნილი კიბერშეტევა, რაც გულისხმობს კიბერშეტევით ინფორმაციის მოპოვებას და შემდგომ მაკომპრომეტირებელი კონტენტის შექმნას. გამოქვეყნებული მუხტი ეხება, თითქოს საქართველოში არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, რომელიც სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორიაა, ხდებოდა „ნოვიჩოკის“ წარმოება და თითქოს ამას არაფერი კავშირი არ აქვს რუსეთთან. ბუნებრივია, ეს არის ბინძური სპეცოპერაცია, რუსული სადაზვერვო ოპერაცია და მიზნად ისახავს საქართველოს დისკრედიტაციას და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთისგან ისრების გადატანას.

საკითხი ეხება იმას, რომ გერმანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს რუსეთისთვის, შეიძლება მძიმე ფასი იყოს, რადგან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს გაერთიანებისკენ და ერთად რეაგირებისკენ.

ამ საკითხიდან გამომდინარე მოხდა კიბერშეტევა, მოხდა ფაბრიკაცია ლუგარის ცენტრიდან წაღებული ინფორმაციების, რაც სუფთა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. სულ ორიოდე დღის წინ ჰქონდათ საპარლამენტო დონეზე განცხადება, რომ თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება საქართველოში და კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში“, - აცხადებს ანდრო გოცირიძე.

ანდრო გოცირიძის განმარტებით, როგორც ჩანს რუსეთს საქართველოს კიბერსივრცეზე წვდომა აქვს და ვარაუდობს, რომ არჩევნების პერიოდში, მათი მხრიდან კიბერშეტევები გახშირდება.

„როგორც ჩანს არალეგიტიმურად მონაცემთა ბაზაზე წვდომა ჰქონდათ რუსეთის სპეცსამსახურებს და ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული „ხვრელები“, რომლის მეშვეობითაც ჩვენს კიბერსივრცეში აღწევენ. რუსეთმა კიდევ უფრო ძლიერი გახადა თავისი კიბერშეიარაღება. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია საქართველოში და რუსეთის მხრიდან ეს ფაქტორი ზრდის კიბერშეტევების გამოყენების ალბათობას ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა