ირაკლი სესიაშვილი - დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურების მიერაა კიბერშეტევა ორგანიზებული - ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, მთავარი ამოცანაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, დიდი ალბათობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს.

როგორც სესიაშვილი ამბობს, აღნიშნულ კიბერშეტევას, შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს.

„დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ეს კიბერშეტევა ორგანიზებული. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია და მთავარი ამოცანაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. მეთოდოლოგია ძალიან ცნობილია, იპარავ ინფორმაციას, დიდ ნაწილს ავთენტურად აქვეყნებ და ავთენტურობის ხარჯზე შემდეგ უკვე ფალსიფიცირებულ ინფორმაციას ავრცელებ და ცდილობ, რომ ამ მართალი ინფორმაციით ტყუილი დააჯერო მომხმარებელს”,- განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იური შვიტკინის განცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს, სესიაშვილი ამბობს, რომ ეს „სისულელე და აბსურდია”.

„ფაქტია, რომ ეს არის საბჭოთა სამხედრო მეცნიერების მიერ შექმნილი მომაკვდინებელი ნივთიერება, რომლის გამოც თანამედროვე რუსეთში 10-მდე პირი იქნა მოკლული, ამიტომ ცხადია, რომ იმას, რომ ლუგარის ლაბორატორიას ამ ნივთიერებასთან რაიმე კავშირი აქვს, არავინ დაიჯერებს. როგორც ჩანს, სპეცსამსახურები გათვლას არა გარესამყაროზე, არამედ თავიანთ, რუსეთის მოსახლეობაზე აკეთებენ.

კიბერთავდასხმა ძალიან მძიმე დანაშაულია და მას აქვს გარკვეული, შეიძლება პოლიტიკური მიზნებიც და მომავალში ეს გამოჩნდება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და როგორც წინა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც იქნება გამოძიებული და საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რასთან გვქონდა საქმე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კიბერსისტემის გაძლიერებას”,- განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, „რუსულ სპეცსამსახურებს ისრების სხვაგან გატანა უნდათ”. როგორც სესიაშვილი ამბობს, ფაქტია, რომ რუსეთი „ნოვიჩოკის” შექმნელი და მწარმოებელია და ამ ნივთიერებით თანამედროვე რუსეთში რამდენიმე ადამიანი იქნა მოკლული.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს