სერგი კაპანაძე - უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ეწევა ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან რუსეთი იდგეს.

როგორც სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რუსეთი დიდი ხანია დაკავებულია პროპაგანდით, რომ „ლუგარის ცენტრი დიდი პრობლემაა რეგიონისთვის და იქ ხდება რაღაც საშინელებები“.

„ეს ინფორმაცია ახლა შევიტყვე და არ გამიკვირდება, რუსეთისგან იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი, კიბერშეტევებითაა ცნობილი და მეორე- ლუგარის ცენტრი მისთვის პრობლემაა. რამდენიმე ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვნახეთ განცხადებები, სადაც ისეთი აბსურდი ეწერა ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გაგცინებოდათ, ოღონდ, პრობლემაა ის, რომ როგორ წესი, შემდეგ ამას შესაბამისი გამოხმაურებები ჩვენი მხრიდან არ აქვს, აბსურდულ განცხადებებზე კრიტიკული კომენტარი არ კეთდება - ის ყოველთვის უნდა იყოს მხილებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ლუგარის ცენტრთან მიმართებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებებს იშვიათად ავრცელებს, მითუმეტეს, რომ მხოლოდ განცხადებაც არ არის საკმარისი და საჭიროა საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას აუხსნას და გააგებინოს რაზეა საუბარი.

„უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში მიზანმიმართულად ეწევა დისკრედიტაციას ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სწორი ნაბიჯია ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის ფაქტის გამოძიებაში დახმარების თხოვნით პარტნიორ ქვეყნებს მიმართა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო